ზაქარია ქუცნაშვილი: კანონებით შეფასდება თითოეული ჩვენთაგანის მუშაობა, კანონები იქნება ობიექტური მსაჯული იმისა, ვინ ვარგა და ვინ არ ვარგა

ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე.
„პენიტენციურ სისტემაში არსებობდა სისტემური პრობლემა. ციხეში ძალადობა იყო ნორმა. სოზარ სუბარმა, კახი კახიშვილმა და ახლა უკვე თეა წულუკიანმა შეძლეს ის, რომ ეს ნორმა უკვე არის გამონაკლისი. ეს შეიძლება მოხდეს გამონაკლისი წესით და არა ნორმის სახით”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, ასევე ნორმა იყო პოლიციის განყოფილებებში, წინასწარი დაკავების კამერებში, დაკითხვისას წამება და ხალხის ცემა.
„ჩვენ მივიღეთ სპეციალური კანონი რითაც მივანიჭეთ ჩვენს მოქალაქეებს უფლება, რომ ჩვენება მისცენ მოსამართლის თანდასწრებით, რამაც ეს ნორმა გააუქმა და დღეს ვერ მოიყვანთ მაგალითს იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომ ამ სისტემურმა დანაშაულმა სადმე იჩინოს თავი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დამცველი – ადვოკატი, თავად იყო დაუცველი. მისი თქმით, ადვოკატს არ ჰქონდა უფლება მტკიცებულებებს გაცნობოდა სასამართლოს სხდომამდე.
„ჩვენ მივიღეთ სპეციალური კანონი და თუ ადვოკატს არ გადაეცემა მტკიცებულებები სასამართლო სხდომამდე ის მტკიცებულება ეგრევე ითვლება დაუშვებლად”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ადვოკატის უფლებების გაძლიერებისთვის პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც მოსამართლეს ავალდებულებს, რომ ადვოკატის წარდგენილი მტკიცებულების დაუშვებლობის შემთხვევაში მას მიზეზები განუმარტოს, რათა შესაძლებელი იყოს ამ დასაბუთების შეფასება და შემდეგ მისი გასაჩივრება. მისივე თქმით, სასამართლო სხდომის ოქმი, როგორც მოწმეთა მიერ ჩვენების მიცემის მთავარი მტკიცებულება – გახდა დაცული დოკუმენტი.
მისივე თქმით, ასევე მიღებული კანონის შესაბამისად, ირიბი მტკიცებულება საერთოდ გაუქმდა.
„თქვენ, ირიბი მტკიცებულებებით იჭერდით ადამიანებს და ამწესებდით ციხეში, როცა ვიღაცის მონაჭორზე ადამიანს თავისუფლებას ართმევდით. ჩვენ მივიღეთ კანონი და მთლიანად გავხსენით სასამართლო სხდომათა დარბაზი იმისათვის რომ თავად მოქალაქეებს, ადვოკატებს, დაზარალებულებს, დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეთ საშუალება განსაჯოს როგორ მიდის პროცესი. ჩვენ მივიღეთ კანონი და დაზარალებულს მივანიჭეთ უფლება, რომ საპროცესო შეთანხმება – ანუ გარიგება ბრალის თაობაზე ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ვეღარ შედგება დაზარალებულის თანხმობის გარეშე”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მომხსენებელმა სამოქალაქო უფლებების – იპოთეკისა და სესხის მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შემოღებულია სავალდებულო წესით სანოტარო დამოწმების ვალდებულება.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, მიღებული კანონის თანახმად შრომითი უფლებები აყვანილია დაცულ უფლებებში.
„ჩვენ მივიღეთ კანონი და არავის აქვს უფლება საჯარო სამსახურში მუშაკი კონკურსის გარეშე აიყვანოს”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, მიღებულია ისტორიული მნიშვნელობის კანონი – დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის წინააღმდეგ, „თქვენ ვერ გაბედეთ რომ ეს კანონი მიგეღოთ. ვერ გაბედეთ რომ მიგეღოთ თანასწორობის კანონი. ჩვენ მივიღეთ ეს კანონი და სახალხო დამცველი აღვჭურვეთ უფლებით, რომ ყოველ წელს პარლამენტს, საზოგადოებას მოახსენოს თუ სად აქვს დისკრიმინაციის გამოვლინებას ადგილი. სახალხო დამცველს მივანიჭეთ სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვის უფლება, რომელიც თქვენს დროს მას ჩამორთმეული ჰქონდა”, – მიმართა ზაქარია ქუცნაშვილმა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისი თქმით, თეა წულუკიანის მინისტრობისას გამოცხადდა ამნისტია და 9000 ადამიანი გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ვისზეც გაცემული იყო ყალბი პირადობის მოწმობები.
„ჩვენ მივიღეთ კანონი და ვთქვით, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების დროს საარჩევნო სიების მანიპულაციას წერტილი უნდა დაესვას. როდესაც, თეა წულუკიანი გახდა იუსტიციის მინისტრი გამოვაცხადეთ ამნისტია, რადგან 9000 ადამიანზე იყო გაცემული ყალბი პირადობის მოწმობა. ეს გავაკეთეთ პირველსავე წელს, რადგან არ გვინდოდა რევანში და შურისძიება”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მომხსენებელმა ასევე, ყურადღება გაამახვილა მცირე რაოდენობის ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. „ჩვენ მივიღეთ კანონი და ნარკოტიკების და იარაღის ტარება დავაკონკრეტეთ ერთხელ და სამუდამოდ. ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე ხალხს იჭერდნენ და პასუხისმგებლობა იწყებოდა 11 წლიდან. ჩვენ გავყავით ეს მომენტი და ჩამოვიყვანეთ პასუხისმგებლობა მინიმალურ სასჯელამდე. უფრო მეტიც, მცირე რაოდენობის ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოვახდინეთ”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით „ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში კანონები მიღებულია ხალხისთვის.
„მე ვსაუბრობ კანონებზე, იმ კანონებზე რომლებიც ჩვენ მივიღეთ ხალხისთვის. გთხოვთ დამისახელოთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული 9 კანონი, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული. თუ თქვენ მოიყვანთ ერთ კანონსაც კი, რომელიც უკეთესი იყო ხალხისთვის, და ჩვენ გავაფუჭეთ, მე ბოდიშს მოვიხდი და დაგიჭერთ მხარს. ერთი კანონი მაინც მოიყვანეთ, რამაც სახალხო დამცველის, ადვოკატის, დაზარალებულის, მოსამართლის მდგომარეობა გააუარესა და მე მოვიხდი ბოდიშს და მე მოვთხოვ პასუხს ამ ხალხს, როგორც ინიციატორებს ამ „გაუარესებულ” კანონებზე. მაგრამ მაგალითები არ გაქვთ. წყევლა-კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი არ გაკლიათ. თუმცა, ჩვენ ხალხი გვიყურებს და იმედი მაქვს, რომ კანონებით შეფასდება თითოეული ჩვენთაგანის მუშაობა, კანონები იქნება ობიექტური მსაჯული იმისა, ვინ ვარგა და ვინ არ ვარგა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები