მამუკა მდინარაძე: ხვალ, პრემიერმინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივა და ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებს
„საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელიც, ხვალ, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით უნდა წარდგეს, ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ საკითხზე პასუხითა და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება. „საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს ინტერპელაციის წესს, რომელიც სიახლეა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. პირველად, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერმინისტრი წარსდგება. “ვფიქრობ, პარასკევს ძალიან საინტერესო დღე იქნება. ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში დაბარებულები არიან პრემიერმინისტრი და განათლების მინისტრი. საუბარი შეეხება კონკრეტულ კითხვას, რომელსაც პრემიერმინისტრი, ან რომელიმე მინისტრი იღებს პარლამენტიდან -ანუ, პრემიერმინისტრი, ან მინისტრი, პასუხობს კონკრეტულ კითხვას, რომელიც მას ინტერპელაციის ფარგლებში დაუსვეს.
გათვალისწინებულია შესაბამისი პროცედურები კითხვაზე პასუხისა და დებატებისთვის. პრემიერმინისტრთან დაკავშირებით, კითხვა შეეხება საქართველოში კრიმინოგენურ ვითარებას და ამ კონკრეტულ კითხვაზე იქნება კონკრეტული პასუხები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საპარლამენტო ფრაქციებს კითხვები უკვე დასმული აქვთ.