„თანასწორობის პოლიტიკა იქცა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტად და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკურსის ნაწილად“

 საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას ესწრება.
საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დიმიტრი ცქიტიშვილი სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში იღებს მონაწილეობას და სესიის დელეგაციებს სიტყვით მიმართავს. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც პეკინის დეკლარაციას მიეძღვნადა მისი აღსრულების საუკეთესო მაგალითები განიხილეს. დიმიტრი ცქიტიშვილმა იმ პოზიტიური ცვლილებებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა, რაც საქართველოს გენდერული თანასწორობის მიმართულებით გააჩნია.
„თითქმის 25 წელი შესრულდა ისტორიული პეკინის დეკლარაციის მიღებიდან. დოკუმენტი, რომელიც ბოლო საუკუნეების მანძილზე გაწეულ ბრძოლასა და აკუმულირებულ გამოცდილებას დაეფუძნა და შექმნა საერთაშორისო კონსენსუსი. ძალზედ რთული იყო ვითარება საქართველოში, მაშინ როდესაც დეკლარაცია იქნა მიღებული. მძიმე სოციალურ ეკონომიკურ ვითარებას, თან ერთვოდა პოსტკონფლიქტური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სინდრომი და მძიმე კრიმინოგენული ვითარება, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ტრადიციული პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი მასკულინური კულტურის გავლენასა”,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მან ღონისძიების მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოში დღეს არსებული ვითარება გააცნო. „საქართველოში დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. განსაკუთრებული დინამიკა ამ მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეინიშნება. თანასწორობის პოლიტიკა იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან პრიორიტეტად და საზოგადოებრივ პოლიტიკური დისკურსის ნაწილად. შეიქმნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა რომელიც აყალიბებს ანტიდისკრიმინაციული სამართლებრივ მიდგომებს ქვეყნის პარლამენტში ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო, ამბიციური დღის წესრიგითა და სამოქმედო გეგმებით. მნიშვნელოვნად გაზრდილია საპარალამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელსუფლებაზე. მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ნაციონალური სამოქმედო გეგმა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები. გავლენიან სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს სახალხო დამცველი, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ თანასწორობის პოლიტიკისკენ არის მიმართული. სტამბულის კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად მოხდა კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დახვეწა, რამაც უფრო ქმედითი გახადა სახელმწიფოს როლი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მოვახდინეთ რეფორმები სამართალდამცავ უწყებებშიც იმისათვის, რომ უფრო სენსიტიური და ეფექტური იყოს მათი მუშაობა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მიმართ. გაძლიერებულია სამოქალაქო სექტორის ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციათა შესაძლებლობები და გავლენა”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა,
სიტყვით გამოსვლისას. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები თვალსაჩინოა და შედეგები ხელშესახებია, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს რომ მდგომარეობა კარგია.
„მასიურია დისკრიმინაციის მასშტაბები, ქალთა მიმართ ძალადობა ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საკმაოდ მცირეა, პრობლემად რჩება ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და შესაბამისი განათლების უზრუნველყოფა ახალგაზრდა ქალებისთვის და გოგოებისთვის”,- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა. დეპუტატს მიმაჩნია რომ მთავარი გამოწვევა, ქალთა სოციალურ ეკონომიკური გაძლიერებაა – განათლება და დასაქმება; ღირსეული სამუშაო პირობები და კარიერული წინსვლა; თანაბარი ანაზღაურება; სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა; სერვისები ბავშვთა და მოხუცთა მოვლისთვის; თანაბარი წვდომა ქონების საკუთრებასა და ფინანსურ რესურსებზე; ინფრასტრუქტურა; გენდერული ბიუჯეტირება. „ძალიან დიდია ქვეყანაში დასაქმების სფეროში არაფორმალური სექტორი და ბუნებრივია მასში ქალების წილიც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, საოჯახო საქმე რომელსაც ჯერ კიდევ უმეტესად ქალები ეწევიან, არც აღიარებულია და არც სათანადოდ დაფასებული. ეს ის დღის წესრიგია, რომელიც ვფიქრობ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მიმაჩნია რომ 2030 წლის დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, როგორც გლობალურ ისე ნაციონალურ დონეზე. ამ გამოწვევებთან ბრძოლა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს ფუნდამენტს იმ შეუქცევადი პროცესის დასაწყისისთვის, რომელსაც საზოგადოების სოციო-კულტურული ცვლილება ეწოდება. ეს არის შესაძლებლობა ქალებისთვის, რომ ჰქონდეთ მეტი კონტროლი თავიანთ რესურსებზე თუ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე იმისათვის, რომ მიაღწიონ სამართლიანობას და გენდერული თანასწორობას”, – განაცხადა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები