“ვიხილეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველებს ქართველების წინააღმდეგ, როგორ დგებოდა სიები – ჩვენი ემიგრანტების ამ წნეხისგან დასაცავად არის, მათ შორის, გადაწყვეტილება მიღებული” – პაპუაშვილი
“2024 წელს ვიხილეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველებს ქართველების წინააღმდეგ, როგორ დგებოდა სიები, ჩვენი ემიგრანტების ამ წნეხისგან დასაცავად არის, მათ შორის, გადაწყვეტილება მიღებული, რაც თავის მხრივ მათ აძლევთ შესაძლებლობას, საკუთარ სამშობლოში ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და მისცენ ხმა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რამდენიმე საკითხია, რაც დღეს უკვე არის ფაქტი. საქართველოს არჩევნების მიმართ არსებობს გარე ძალების ინტერესი და ჩვენ ეს 2024 წელს განსაკუთრებით თავხედურად დავინახეთ, როცა მათ შორის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩიც კი იყო საარჩევნო კამპანიაში ჩართული. აღარაფერს ვამბობ უცხო ქვეყნების პოლიტიკოსებზე, პარლამენტის წევრებზე, მინისტრებზე, რომლებიც არა უბრალოდ სიტყვით იყვნენ აგიტაციაში ჩართული, არამედ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შემდეგ ამას მოჰყვება მტრული პოლიტიკა, რაც ადასტურებს, რომ ეს ინტერესი არათუ დაიკლებს, არამედ იქნება კიდევ უფრო მაღალი, უხეში და თავხედური. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გამოყენების რისკი არსებობს, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ უცხო ძალებმა. ერთი მაგალითია, როგორ იყო ჩართული გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამომრჩეველზე აგიტაციის და ზეწოლის საკითხში, ის თავად აორგანიზებდა ამომრჩეველთა აქტივობას გერმანიაში. ვიხილეთ, როგორ იყენებდნენ დიასპორის წარმომადგენლებს, ქართველებს ქართველების წინააღმდეგ, როგორ დგებოდა სიები უცხო ქვეყნებში ქართველებისა იმისთვის, რომ შემდეგ ისინი ჩაეშვათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, რომ მათი დეპორტაცია წაექეზებინათ, დაეშინებინათ, თუ არ მოიქცეოდნენ და ხმას არ მისცემდნენ ისე, როგორც მიუთითებდნენ შესაძლოა, მათი დეპორტაცია ყოფილიყო შედეგი. ჩვენ ვხედავთ ასევე გამოცდილებას სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.