„ძველი ქართული დამწერლობის მიხედვით დამზადებული გულსაბნევები ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა“ – ლალი ზაქაიძე, საახალწლო დეკორაციები, შემოდგომა, როგორც მეორე გაზაფხული და სარკე იებით

ცხოვრობ თბილისში. ბავშვობიდა ყვარს ხელოვნება,  განსაკუთრებით ხატვა. კორონავირუსის დროს დაიწყო ხელნაკეთების დამზადება. მას შემდეგ ფანტაზია და სურვილი არ გამოლევია: ქმნის ულამაზეს სარკეებს, ზაფხულის თუ შემოდგომის გულსაბნევებს. აქვს საკუთარი ბრენდი და სამუშაო გვერდი.
საახალწლოდ ქართული ანბანის ასომთავრული ასოებით დამშვენებულ სათამაშოებს გამოიტანს „სამზეოზე“. ამბობს, რომ ეს გულსაბნევები მისი სავიზიტო ბარათია.
თვითნასწავლი დიზაინერ-დეკორატორის, ლალი ზაქაიძის პერსონა.
–  ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდანვე დაიწყო
.
– ხატვა  განსაკუთრებით მიყვარდა. აქვე მინდა აღვნიშნო ყვავილების  სიყვარულიც, რამაც შემდგომში ჩემს შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა…
ხელნაკეთი ნამუშევრები კორონავირუსის დროს დაიწყეთ, როცა შობის დეკორაცია შვილებს გაუგზავნეთ… მას მერე ამზადებთ ხელნაკეთ აქსესუარებს…
–  თავისუფალი დროის სიჭარბის პირობებში ისე, ჩემთვის, თავის შესაქცევად დავამზადე პირველი დეკორაცია შობის თემაზე და  ოჯახის წევრებს გავუზიარე. ძალიან მომიწონეს ნამუშევარი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ვირწმუნე ჩემი შესაძლებლობების და თავიდან აღმოვაჩინე ჩემი თავი…
მათივე დაჟინებული რჩევით  დავაარსე ჩემი ბრენდი La’ Mix. ლა’ მიქს, სოციალურ ქსელში გავხსენი სამუშაო გვერდი  და ჩემი მოკრძალებული ნამუშევრების პირველი წარდგენაც მომხმარებლის წინაშე ასე, ვირტუალურად მოხდა.ქართული ასომთავრული ანბანი…  რა იყო შთაგონება?
– ეს ყველაზე საკრალური თემაა ჩემთვის… უსასრულოდ შემიძლია მასზე საუბარი.
სანამ ამ გულსაბნევებს შევქმნიდი, მანამდე მრავალი აქსესუარი მაქვს დამზადებული სხვადასხვა მასალით და ტექნიკით..
ყველა ჩემი შექმნილი ნამუშევარი ძალიან მიყვარს, რადგან დიდ შრომასა და გულისხმიერებას მოითხოვს – ფიქრობ დიზაინზე,ფერთა სწორ შეხამებაზე და რაც მთავარია ცდილობ შექმნა განსხვავებული, შენეული. ეს არც ისე მარტივია ჩვენს სფეროში. უამრავი უნიჭიერესი ხელოვანების ფონზე, რაღაც განსხვავებულის და ორიგინალურის დამზადება ნამდვილად არ არის ადვილი..
ძველი ქართული დამწერლობის მიხედვით შექმნილი გულსაბნევები კი  ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენისთვის მომზადდა. ამ გამოფენის ორგანიზატორების აუცილებელი მოთხოვნა იყო ქართული, ეროვნული თემატიკის წარდგენა.
სწორედ ამ დროს გადავწყვიტე ჩემი დიდი ხნის ოცნება გამომეტანა ,,სამზეოზე“. რა უნდა შემექმნა იმაზე უფრო ქართული და ეროვნული, ვიდრე ჩვენი დამწერლობაა?!
მინდა გითხრათ, ძალიან ვღელავდი, როგორი რეაქცია ექნებოდა მნახველს, რამდენად შევძელი გადმომეცა ის, რასაც მე განვიცდიდი მუშაობისას..
მიხარია, რომ უდიდესი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა, რაც ჩემთვის  ყველაზე დიდი ჯილდოა.
ეს გულსაბნევები ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა და არაერთ  საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ეს თემა იმდენად მომწონს, წელს გადავწყვიტე  ქართული ასოებით დამშვენებული საახალწლო მორთულობები შევთავაზო მომხმარებულს.

ერთი ნამუშევრის ისტორია...
–  პირველი სარკის შექმნის ისტორიას გავიხსენებდი..
დედის დღე ახლოვდებოდა და ძალიან მომინდა რამე განსაკუთრებულის  შექმნა. აქ ბავშვობამ შემახსენა თავი. ყველამ ვიცით, იის კონა და დედიკო როგორ უხდებიან ერთმანეთს. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია და ასე ,,დაიბადა” ჩემი საყვარელი სარკე იებით, რომლის პირველი ადრესატიც, რა თქმა უნდა, ჩემი დედიკო გახდა..
სწორედ აქ იჩინა თავი  ჩემი და ყვავილების სიყვარულის ამბავმა და იებიან სარკეს მოჰყვა კესანები, ყაყაჩოები, ნარცისები, გვირილები, იასამნები, ლავანდები, მზესუმზირები და კიდევ მრავალი სხვა..
ამზადებთ გულსაბნევებს წელიწადის დროების მიხედვით. ამბობთ, რომ შემოდგომა ხელმეორე გაზაფხულია, რომლის დროსაც ყოველი ფოთოლი ყვავილიადა მაინც, წელიწადის რომელი დრო გიყვართ, რომელზედაც მთელი არსებით მუშაობთ?
–  წელიწადის დრო, რა თქმა უნდა,  გავლენას ახდენს მუშაობის პროცესზე.
ზამთარში ნაკლებად გინდება ყაყაჩოს დამზადება ისევე, როგორც ზაფხულში  თოვლის პაპის ან ნაძვის ხის, მაგრამ ხანდახან არის გამონაკლისი შემთხვევებიც… მაგალითად, შუა ზაფხულში  შემოდგომის ფოთლები დავამზადე. ალბათ შემოდგომის ფერების დამსახურება ეს სურვილი…
შემოდგომა მეორე გაზაფხულიაო, –  ასე ამბობენ. ირგვლივ იმდენი ფერია ამ დროს. ძალიან მიყვარს ფერები, რაც შესამჩნევია ჩემს ნამუშევრებში. ისე ყველაზე უფრო საშობაო, საახალწლო დეკორაციების მზადება მიყვარს განსაკუთრებულად.
– რომელ ხელნაკეთებზეა უფრო მეტად მოთხოვნილება?
– ჯერ სარკეები გახდა ძალიან მოთხოვნადი მათი ორიგინალურობის  და სილამაზის გამო, რასაც ყოველთვის აღნიშნავდნენ მომხმარებლები. აქაც ვეცადე მეპოვა რაღაც ჩემებური და შემექმნა განსხვავებული, რაც არ დარჩა შეუმჩნეველი მნახველისთვის. ამ ეტაპზე კი ძველი ქართულით შექმნილ გულსაბნევებზეა  მოთხოვნა გაზრდილი.
აქ უფრო ემიგრანტები აქტიურობენ. სხვადასხვა ქვეყნიდან მიკვეთავენ ხშირად, ან აქედან უგზავნიან საყვარელ და მონატრებულ ახლობლებს… ალბათ არცაა გასაკვირი. ყველას უნდა თავის წილი სამშობლო თან ჰქონდეს ყველგან და ყოველთვის.
საოცარი ენერგიით მავსებს მათი გულწრფელი ემოცია  ნაკეთობის მიღების მერე, რომ მწერენ და მირეკავენ. მადლობა მათ ნდობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვირტუალურ თანაშრომლობაში.
– პირველად ვის აზრს ითვალისწინებთ მუშაობისას?
– პირველი  მთავარი შემფასებელი და მოტივატორი ჩემი ოჯახია. ჯერ მათ ვუზიარებ  ჩემს ახალ ნამუშევარს და ამის მერე გადამაქვს საჯარო სივრცეში.
 მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი…  როგორ გიდგათ მხარში ოჯახი, რომ ნაყოფიერად იმუშაოთ?
– ოჯახი ჩემი მთავარი საყრდენია. ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას როგორც მორალურად ასევე ფინანსურად. ასეთი ზურგის გარეშე ბევრად რთული იქნებოდა ჩემთვის მეკეთებინა ის საქმე, რომელიც ასე ძალიან მიყვარს… მადლობა მათ ამისთვის!– ხელნაკეთი სარკეები…
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, სარკე იებით განსაკუთრებით მიყვარს, მისი შექმნის ისტორიის გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ  მომწონს კესანებით და მზესუმზირებით  გამშვენებული სარკეებიც. განსაკუთრებულად ლამაზი გამოდის. მომხმარებელსაც ეს სარკეები უფრო იზიდავს .ყველაზე ხშირად მათი დამზადების შეკვეთა შემომდის.
–  შთაგონება თუ გჭირდებათ მუშაობისას?
– ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვეძებ შთაგონების წყაროდ.
უბრალოდ  რომ ვიწყებ, არასდროს  ვიცი, ზუსტად როგორი იქნება დასრულებული ნამუშევარი .ამ დროს იწყება ძიება ფერის, ფორმის, გამოსაყენებელი მასალის და ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო და სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, რომ იკარგება დროის აღქმა და ისე შეიძლება დამათენდეს,  ვერც კი ვხვდები,  როდის გავიდა ამდენი დრო…– ჰობი…
– ჩემი ჰობია მოგზაურობა. ძალიან მაინტერესებს უცხო ქვეყნების მონახულება.მათი კულტურა,ყოფა,ისტორია, არქიტექტურა, ადამიანები. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვისურვებდი რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადგილების მონახულებას..
– გამოფენები?
– გამოფენები ნამდვილად კარგი ადგილია ხელოვანისთვის, რომ  უფრო უკეთ გააცნოს დამთვალიერებელს და პოტენციურ მომხმარებელს საკუთარი შემოქმედება.
აქტიურად ვმონაწილეობდით და ვმონაწილეობთ მე და ჩემი ნაშრომი როგორც ადგილობრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში  ქვეყნის გარეთ – საბერძნეთი, იტალია, პრაღა, დრეზდენი, მალტა, ესპანეთი და კიდევ არაერთი სხვა. საიდანაც მივიღეთ დიპლომები და მადლობის წერილები.
ასევე ვარ ორგანიზაცია ,,კულტურის ფესვების” წევრი. ერთი პერსონალური და ოთხი საერთო კატალოგის ავტორი, რომელიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნინი ნამგალაურის ინიციატივით და ორგანიზებით გამოიცა, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ნინის.
აქვე ვიტყვი ერთ ძალიან მნიშვნელოვან დღეზე: რამდენიმე თვის წინ, ,,აკადემია გვირილასა” და  ასოციაცია „საქართველოს ქალბატონების” ორგანიზებით,  ჩემი ნამუშევრების ჩვენება  ულამაზესმა მოდელებმა წარადგინეს და სწორედ აქ   მოხდა ჩემი  ,,ძველი, ქართული” გულსაბნევების პრეზენტაცია საქართველოში… ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო.
მადლობა ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის.
– სამომავლო გეგმები….
– მომავალი გეგმები და სურვილი, ჩემი  საქმიანობის წინსვლა და გაფართოებაა. ძალიან მინდა მქონდეს სივრცე და უფრო მეტი დრო ჩანაფიქრებისა და იდეების განსახორციელებლად.
მოგეხსენებათ,  ჩემი საქმე მრავალფეროვანია და იდეაც ბევრია. მუდმივად  ვეძიებ. ვცდილობ მეტად  საინტერესო, ორიგინალური და ლამაზი ნამუშევრები შევთავაზო დამთვალიერებელს და ჩემს  ძვირფას მომხმარებელს…

                             

                                                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები