ლევან იზორია: ქართული ჯარი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, ძალიან სენსიტიურად აღიქვამს

„ქართული ჯარი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, იმიჯის და ზოგადად ავტორიტეტის შემლახავ დამოკიდებულებას ძალიან სენსიტიურად აღიქვამს“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის განცხადებები, თითქოსდა, ქართული ჯარი 90-იან წლებს უბრუნდება, თითოეული ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია.
„ქართული ჯარი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, იმიჯის და ზოგადად ავტორიტეტის შემლახავ დამოკიდებულებას ძალიან სენსიტიურად აღიქვამს. მათ წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და აღიარებული.
ეს არ არის მათი ან ჩემი სუბიექტური შეფასება. ეს არის ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში. ეს გუშინ ნატო-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც დადასტურდა.
განცხადებები, თითქოსდა, ეს საამაყო ინსტიტუტი 90-იან წლებს უბრუნდება არის თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელი.
როდესაც გვესმის განცხადებები, რომ სისტემური ხასიათი მიიღო ასეთი ტიპის დანაშაულებებმა, არის ღიმილისმომგვრელი სწორედ მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იცის რა პრობლემები იყო აქ.
ერთეულ შემთხვევებზე რომელიც ყველაგან ხდება, ისეთი განცხადებების გაკეთება თითქოსდა ეს არის სისტემური ხასიათის, არის თითოეული ჩვენგანისთვის დიდი შეურაცხყოფა“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები