თავდაცვის სამინისტრო „ბათინკების“ ტენდერთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, 2016 წელს, ბათინკების ტენდერში რაიმე დარღვევა იქნა დაშვებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროს მიერ „ნიუ ატლას სტრატეჯი კოს“ ფილიალთან 411 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის პერიოდში 2016 წლის 21 მარტს გაფორმდა, ხოლო ტენდერი, ანალოგიური მახასიათებლებით,  წინა ხელმძღვანელობის პირობებში, 2016 წლის 1 ივლისს გამოცხადდა.
„ელექტრონულ ტენდერზე ზეგავლენას თავდაცვის სამინისტრო, ცხადია, ვერ მოახდენდა; ხოლო ბათინკების მიწოდების დროს, შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ ის ყველა იმ ძირითად პირობას აკმაყოფილებდა, რომელიც 2016 წლის 1-ელი ივლისის სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრა. შესაბამისად, სამინისტროს ის მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალებში „ნიუ ატლასის“ მიერ მოწოდებული პროდუქცია უკმაყოფილებას იწვევდა; რის შემდეგაც, თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა შიდა კვლევა, რომლის შემდეგაც ბათინკების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესდა“, – აცხადებენ სამინისტროში.
ძალოვანი უწყების ცნობით, 2017 წლის 12 სექტემბერს, შეიარაღებული ძალების უფროსმა წერილით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, სადაც ითხოვდა. რომ. მომავალში, ბათინკების შესყიდვა ახალი ტექნიკური მახასიათებლით მომხდარიყო.
„აღსანიშნავია, რომ ახალი მახასიათებლის მიხედვით შესყიდული ბათინკი, კვლევის თანახმად, დადებითად ხასიათდება. რაც შეეხება ბრალდებას, რომ კომპანია „ნიუ ატლასი“ რაიმე პრივილეგიებით სარგებლობს – აღნიშნული სრული სიცრუეა და კომპანიას, 2016 წლის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში არცერთი ტენდერი მოუგია. შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის შავ სიაში არსებობის გადამოწმების საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა. გარდა ამისა, ზოგიერთი მედიასაშუალება თავდაცვის სამინისტროს, პირიქით, აღნიშნული კომპანიის მიმართ სხვა კომპანიის სასარგებლოდ არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტრო მიკერძოებული ვერცერთი კომპანიის მიმართ იქნება და ცდილობს, ყველა საკითხი გამჭვირვალობისა და კანონმდებლობის სრული დაცვით გადაწყვიტოს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები