სალომე ზურაბიშვილი ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს რუსეთის მხრიდან გახორციელებულ მორიგ პროვოკაციას უწოდებს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა, სხვა საკითხებთან ერთად, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაზეც განიხილეს.
„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მხრიდან გახორციელებული მორიგი პროვოკაცია, რასაც გმობს არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ – მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამას ადასტურებს ეუთო-ს თავმჯდომარის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის საქართველოში ვიზიტი. 10 თებერვალს, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ასევე, განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.