რვა გეის წამებით მოკვლისთვის 67 წლის მამაკაცს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ტორონტოს სასამართლომ 67 წლის ბრიუს მაკარტურის, რვა გეის წამებით მოკვლისთვის, მაქსიმალური სასჯელი – უვადო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ირკვევა, მან 7 წლის განმავლობაში, აწამა და მოკლა რვა ჰომოსექსუალი მამაკაცი.
დამნაშავე ლანდშაფტის დიზაინერად მუშაობდა. ის გეი მამაკაცებს სახლში ეპატიჟებოდა, შემდეგ კი წამებით კლავდა. ამის შემდეგ, სერიული მკვლელი მათ სიგარებს აჭერინებდა, ბეწვის ქურთუკებს აცმევდა და ფოტოებს უღებდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაკარტური ცხედრებს ანაწევრებდა და იმ სახლების ეზოებში მარხავდა, სადაც მუშაობა უწევდა. პოლიციამ იგი 2018 წლის იანვარში დააკავა. სამართალდამცველებმა მის საწოლში დაბმული შიშველი მამაკაცი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც წინა წლებში ჩადენილი დანაშაულების კვალზე გავიდნენ.
რამდენიმე კვირის განმავლობაში პოლიცია ცხედრების ნაწილებს სხვადასხვა მისამართებზე პოულობდა. ბრიუს მაკარტურის ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამო, სახელმწიფო ბრალდებამ რეალური ეშმაკი უწოდა.
ცნობისათვის, კანადის კანონმდებლობის თანახმად, მას მხოლოდ 25 წლის შემდეგ, 91 წლის ასაკში ექნება უფლება, გათავისუფლება მოითხოვოს, ცხადია, თუკი ამ ასაკამდე მიაღწევს.