„პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელი: საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო
ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა ენერგეტიკის განვითარების და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო, – ამის შესახებ „პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, სულხან ზუმბურიძემ განაცხადა.
„ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით. დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ.
ის პროექტები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს საქართველოში და ეს არის 4000 მგვტ-ზე მეტი შემდეგი წლების განმავლობაში, ამას კიდევ დაემატება 4500 მგვტ 2036 წლამდე. ამ მიდგომით დარგი უფრო სწრაფად განვითარდება“, – აღნიშნა ზუმბურიძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.