უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში კონფლიქტის მოსაგვარებლად დაგეგმილი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ირანის გარშემო შექმნილი ვითარების გამო გადაიდო.
უკრაინულმა რადიო NV-მ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 11 მარტს სტამბოლში იყო დაგეგმილი. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციამ „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია 11 მარტს სტამბოლში უკრაინის საკითხზე დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ.
„მე შეხვედრა გავმართე ჩვენს მომლაპარაკებელ გუნდთან. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ მხარესთან პრაქტიკულად 24/7-ზე კომუნიკაცია გვქონდეს. ამჟამად ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტი და მთელი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა ორიენტირებული და ამის გამო, ამერიკული მხარის წინადადებით ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო“, – დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.
ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვის, ვაშინგტონის და კიევის წარმომადგენლები, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო გადაიდოს. მანამდე მან თქვა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შესაძლოა 5-დან 8 მარტამდე გაიმართოს.
რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში 17-18 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ, ახალი შეხვედრის შესახებ განაცხადა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია მიღწეული.