დავით ქართველიშვილი: ჩვენზე არის დამოკიდებული ბევრი საერთაშორისო აქტორის მატერიალურ-ფინანსური ინტერესები, პასუხისმგებლობის გრძნობით ვინარჩუნებთ ამ სტაბილურობას ძალიან ბევრი მოთამაშისთვის
ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე, ჩვენს სტრატეგიას განაპირობებს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით – ეს არის ჩვენი უნიკალური გეო-ეკონომიკური მდებარეობა და ჩვენი პრაგმატული ხელისუფლების დაბალანსებული და მულტივექტორული პოლიტიკა საგარეო მიმართულებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
„ჩვენზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი საერთაშორისო აქტორის, ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ელემენტარული მატერიალურ-ფინანსური ინტერესები, რაც მთელ რიგ საერთაშორისო პროექტებთან არის დაკავშირებული. ისე მოხდა, რომ ჩვენს ჩრდილოეთით თუ სამხრეთით ის სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბები დღეს პარალიზებულია, დაკონსერვებულია: ჩრდილოეთით – სასანქციო პოლიტიკის გამო, სამხრეთით – მიმდინარე მძიმე მდგომარეობის გამო და ჩვენ, – ძალიან ბევრისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის, – ვინარჩუნებთ იმ მშვიდობას და სტაბილურობას, რის გამოც ამ ხელისუფლებას ხშირად დასცინიან ოპონენტები. პასუხისმგებლობის გრძნობით ვინარჩუნებთ ამ სტაბილურობის ოაზისს და უსაფრთხოების კუნძულს ძალიან ბევრი მოთამაშისთვის“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.