ერთადერთი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან.
„სუვერენიტეტის დაცვა სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადაკვეთა. საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ხაზების დაცვა, რაც ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის.
როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა იყოს პირველ რიგში ისეთი, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება, ხოლო შემდგომ მოდის უკვე ყველა სხვა დანარჩენზე საუბარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.