რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მღვდელმსახური გაათავისუფლეს
რუსი სამხედროების მიერ სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა დავით დურგლიშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია ,,კვირას“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, დურგლიშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
როგორც ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მღვდელმსახურები ამბობენ, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად ყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ოკუპანტები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს.
ცნობისათვის, მამა დავით დურგლიშვილი ოკუპირებულ სოფელ ავნევიდან არის, 2008 წლის შემდეგ კი გორში ცხოვრობს და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში მსახურობს.