პაციენტის გარდაცვალების გამო ღუდუშაურის საავადმყოფოს ამოწმებენ

მორიგი საჩივარი ღუდუშაურის სახელობის სავადმყოფოს მედპერსონალის წინააღმდეგ. გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგეს – ნიკა ქარცივაძეს და მის 5 თანამშრომელს არასწორი მკურნალობისა და დაუდევრობის გამო უჩივის.
„ვითხოვ, ნიკა ქარცივაძეს და ბრიგადის 5 ექიმს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და გათავისუფლდნენ სამსახურიდან. 21-ე საუკუნეში ფილტვის ანთებით მეუღლე დამიღუპეს. როგორ შეიძლება ეს 21-ე საუკუნეში ხდებოდეს. ოჯახი და ჩემი სიყვარული დამინგრიეს. ჯერ ველოდები, ჯანდაცვის სამინისტრო რა დასკვნას დადებს, ამის შემდეგ კი სამართალს თავადვე ვიპოვი. ჩემი მეუღლის სიკვდილს არავის შევარჩენ და არავის ვაპატიებ“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას მურმან აბრამიშვილი, რომელსაც მეუღლე 2013 წლის 4 დეკემბერს გარდაეცვალა. როგორც მურმან აბრამიშვილი ამბობს, მისი მეუღლე ირინა კულაბაბა ავად 2013 წლის 30 ოქტომბერს გახდა.
„აცემინებდა, გრიპის მსგავსი სურდო და დაბალი სიცხე ჰქონდა. ჩემი მეუღლე შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული, გაციებამ შაქარის მაჩვენებელი გაზარდა და შაქარი მოემატა. ამ ყველაფერმა კი წნევის მომატება გამოიწვია. 1 ოქტომბერს სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ და ჩემი მეუღლე ღუდუშაურის სახელობის სავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმღებში ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა, იმავე საღამოს წნევა და შაქარი დაურეგულირდა. თუმცა, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს და დამპირდნენ, სამ დღეში სახლში გავწერთო. თავი დავიზღვიე, წამოსვლისას, თუ რაიმე გართულდებოდა, ექიმთან პირადობის მოწმობა და მობილურის პირადი კოორდინატებიც დავტოვე, ოღონდ ჩემი მეუღლისთვის ემკურნალათ და თანხის გადახდაზე უარს როგორ ვეტყოდი. დაგვემშვიდობნენ და სახლშიც მშვიდად წავედი“, – ამბობს გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე მურმან აბრამიშვილი.
მისი თქმით, მან მეორე დღეს, 2 ოქტომბერს, მეუღლეს საავადმყოფოში მიაკითხა. აბრამიშვილის ინფორმაციით, მედპერსონალს პაციენტი თერაპიული განყოფილებიდან რეანიმაციაში მოეთავსებინათ და მეუღლე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული დახვდა. მურმან აბრამიშვილს მიაჩნია, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა ხელოვნურად დაამძიმეს. „ექიმებმა შეიტყვეს, რომ ფირმა „VSTA”-ს დირექტორი ვიყავი და გადაწყვიტეს, რომ ჩემი მეუღლის მდგომარეობა ხელოვნურად დაემძიმებინათ. რაც მეტ ხანს გააჩერებდნენ აპარატზე, მით მეტ ფულს გადამახდევინებდნენ. ჩემს მეუღლეს ისეთი არაფერი სჭირდა, რომ ის აპარატზე მიეერთებინათ. საავადმყოფოში საკუთარი ფეხით შევიდა, საღამოს ღიმილით დაგვემშვიდობა და მეორე დღეს აპარატზე მიერთებული დამხვდა. სუნთქვა უჭირდა, ხელები დაბმული ჰქონდა, რადგან სახეზე აპარატი ჰქონდა დამაგრებული, წერილი დამიწერა. მთხოვდა, ამ კლინიკიდან წამეყვანა. მეორე დღეს ჩემმა შვილმა მიაკითხა, ვკითხულობდით, რა მედიკამენტებით მკურნალობდნენ, მაგრამ არ გვპასუხობდნენ. ჩემს შვილს ექიმი დაემუქრა, თუ ჭკვიანად არ იქნები, დედაშენს გვერდით მიუწვებიო. გადავწყვიტე სხვა საავადმყოფოში წამეყვანა“, – ამბობს მურმან აბრამიშვილი.
მისი თქმით, მან პაციენტის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ ღუდუშაურის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგეს ნიკა ქარცივაძეს 2013 წლის 5 ნოემბერს გაუმხილა. როგორც პაციენტის მეუღლე „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, საავადმყოფოდან პაციენტის გაწერის თანხმობა მიიღო და ავადმყოფის ისტორია – „ფორმა 100“-ც მზად იყო. მისი თქმით, მან მეუღლის მკურნალობა საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში გადაწყვიტა. „საჩხერის საავადმყოფოში ნაცნობი ექიმები მყავდა, ვიფიქრე, ცოლს მიხედავნენ და მდგომარეობიდან მის გამოყვანას შეძლებდნენ, მხოლოდ ამის გამო გადავწყვიტე იქ გადაყვანა“, – ამბობს გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე. მისი თქმით, მან კატასტროფის ბრიგადის მომსახურების თანხა – 400 ლარი გადაიხადა, თუმცა, ღუდუშაურის საავადმყოფიოს ექიმები პაციენტის გამოწერას ხელოვნურად აჭიანურდებოდნენ. „5 ნოემბერს, დილით, ნიკა ქარცივაძემ მითხრა, რომ „ფორმა 100“ მზად არისო და კატასტროფის ბრიგადა გამოვიძახე. აღმოჩნდა, რომ დოკუმენტაცია მზად არ ჰქონდათ. კატასტროფის ბრიგადა მეორედაც გამოვიძახე, პაციენტს მაინც არ მატანდნენ და განგებ აჭიანურებდნენ გაწერის პროცესს. ამასობაში ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საღამოს უკვე კონტაქტური აღარ იყო. წნევა და შაქარი მომატებული ჰქონდა. ასეთ ვითარებაში, კატასტროფის მესამე ბრიგადამ საჩხერის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანა“, – ამბობს მურმან აბრამიშვილი.
მისი თქმით, საჩხერის რაიონის საავადმყოფოში პაციენტს გამოკვლევები ხელახლა ჩაუტარდა. გამოკვლევის პასუხები გერმანიაშიც გადააგზავნეს, სადაც დიაგნოზის პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. „გამოკვლევებით დადგინდა, რომ 5 ნოემბერს პაციენტს გულის მწვავე ინფარქტი ხელოვნურად მიაღებინეს. ნერვული ფონი იმდენად მომატებული იყო, რომ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდა. იქ თითქმის ერთი თვე მკურნალობდნენ, მაგრამ მეუღლე მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდა და 4 დეკემბერს გარდაიცვალა. როგორ უნდა ვაპატიო მისი ტანჯვა ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ექიმებს. ძალით მომიკლეს ცოლი“, – ამბობს მურმან აბრამიშვილი.
„კვირა“ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგეს ნიკა ქარცივაძეს დაუკავშირდა. ექიმმა პაციენტი გაიხსენა, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა. ღუდუშაურის პრესსამსახურის უფროსის თამარ ყიფიანის ინფორმაციით კი, პაციენტ ირინა კულაბაბას მათ კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაეწია და პაციენტის მეუღლის მოთხოვნით ის სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ჩვენს კლინიკაში მოკვლევას აწარმოებენ. დასკვნა შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ხათუნა ყიფიანმა.
„კვირა“ პაციენტ ირინა კულაბაბას ოჯახის ექიმს გია თავბერიძესაც გაესაუბრა. მკურნალმა ექიმმა მოუცლელობა მოიმიზეზა და შეკითხვებს არ უპასუხა. „პაციენტს დიაბეტი ჰქონდა და მას ტერფებზე ვმკურნალობდი, თუმცა ის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში სულ სხვა პათოლოგიით მოათავსეს. იქ რა მოხდა, არ ვიცი. ასეთ რაღაცებზე არ ვლაპარაკობ, როცა მე არ მეხება, არ ვლაპარაკობ. არ მცალია, ვერ დაგელაპარაკებით“, – აღნიშნა ექიმმა გია თავბერიძემ.
როგორც „კვირას“ პაციენტის მეუღლემ განუცხადა, როდესაც ირინა კულაბაბა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, მისმა მკურნალმა ექიმმა გია თავბერიძემ საავადმყოფოში ინახულა და მოიკითხა კიდეც. „კვირა“ საჩხერის რაიონის ექიმს მალხაზ კუჭაშვილსაც დაუკავშირდა.
„ ჩვენს კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტს მხოლოდ ფილტვის ანთება არ ჰქონდა, მას რესპირაციული დაავადებების სრული მიმდინარეობა აღენიშნებოდა. პნევმონიას ახლდა თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, დიაბეტური აგეოპათია, მიუკარდიუმის მწვავე ინფარქტი. სისხლძარღვების უკმარისობა და უნივერსალური სიმსუქნე იყო. ამ ყველაფრის ფონზე, სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა“, – აღნიშნა მალხაზ კუჭაშვილმა.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, მურმან აბრამიშვილის საჩივარზე მოკვლევა დაწყებულია. ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს შემოწმების დასკვნა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები