ინგა ფხალაძე: მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტით ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეძლევა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის შეფასებით, საქართველოს გააჩნია ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ენერგეტიკული ჰაბი გახდეს.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის ძალიან სერიოზული პოტენციალი, რომლითაც მონაწილეობას მიიღებს მწვანე ენერგეტიკის დერეფნის პროექტში და ელექტროენერგიის გატარება-მიწოდებაში ევროპისათვის.

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელშიც საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი მონაწილეობენ, ერთმანეთთან დააკავშირებს აზიას და ევროპას – პროექტის ფარგლებში  შესაძლებელი გახდება 4 000 მგვტ სიმძლავრის ელექტროკაბელების ზღვის ფსკერზე განლაგება და შესაბამისად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ელექტროენერგიის მიწოდება. ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ვინაიდან გარდა ელექტროენერგიისა, ასევე მოიაზრება წყალბადის მილის ჩადებაც, რაც, ჯერჯერობით, განხილვის პროცესშია. თავად პროექტი ემსახურება არამხოლოდ რეგიონის ელექტროენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ, ზოგადად, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს”, – განაცხადა ინგა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივის მამოძრავებელი ძალა იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის საქართველოს გავლით მიწოდების შესაძლებლობებს.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის საშუალებით საქართველოს ექნება ევროპასთან პირდაპირი კავშირი – ელექტროენერგეტიკული საზღვარი, რომელიც გეოგრაფიულად არ გააჩნია.

„შესაბამისად, ჰაბად გარდაიქმნება საქართველო იმ კუთხითაც, რომ შესაძლებელი იქნება პორტების აშენება,  ასევე როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი, რუმინელი, უნგრელი  მოქალაქეების დასაქმება ამ დიდი პროექტის აშენებაში და რეალურად,  ელექტროენერგიისა და წყალბადის ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრების ჩამოყალიბებაში – ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეძლევა ჩვენს ქვეყანას, რადგან მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, პარალელურ რეჟიმში განიხილება შავი ზღვის კაბელის პროექტიც. მწვანე დერეფნის პროექტის ინვესტიცია, ამჟამინდელი გაანგარიშებით, ათი-თორმეტი მილიარდი დოლარის მოცულობისაა,  რაც არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ძალიან ბევრი კერძო კომპანიის დაინტერესებას იწვევს და სწორედ აქ არის ის შესაძლებლობა, რაც საქართველოს ძალიან სერიოზული ეკონომიკური, ფინანსური გაძლიერებისა და უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის შანსს აძლევს. პროექტის ფარგლებში ბევრი ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი შესწავლის ფაზაშია. გეგმის მიხედვით, მისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2026 წელს დასრულდება, რის შემდეგაც შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური შესწავლის სამუშაოები დაიგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები