“სამწუხაროდ ჩვენ გარედან მიღებული „რჩევების“ შედეგად გვქონდა შექმნილი ისეთი კვაზი ორგანოები, როგორიც იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ან ანტიკორუფციული ბიურო” – გორდულაძე
“ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან დაკავშირებით გვაქვს ზუსტად იგივე მოცემულობა, როგორიც გვქონდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოში პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაცული, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზზე აუცილებელია, რომ პრევენციული ღონისძიებები იყოს გათვალისწინებული.
„რა არის იმაზე უფრო დამოუკიდებელი ორგანო, ვიდრე ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანო, აუდიტის სამსახურის სახით, რომლის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის გარანტიებიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. სამწუხაროდ ჩვენ გარედან მიღებული „რჩევების“ შედეგად გვქონდა შექმნილი ისეთი კვაზი ორგანოები, როგორიც იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ან ანტიკორუფციული ბიურო, რომელთაც ფორმაც კი არ ჰქონდა განსაზღვრული, ანუ ის საჯარო სამართლის იურიდიული პირიც კი არ იყო, მაგრამ გარანტიები ჰქონდა როგორც დამოუკიდებელი ორგანოსი.
საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებულია, რომ მხოლოდ უნდა არსებობდეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ან სასამართლო ხელისუფლება, ასევე ორგანოები, რომლებიც კონსტიტუციით პირდაპირ არის გათვალისწინებული და ახალი უწყებების შექმნა მხოლოდ ამ კონსტიტუციური ორგანოების ფარგლებში არის შესაძლებელი“, – განმარტა გორდულაძემ.