ალექსანდრე დარახველიძე: გავაანალიზეთ ის სამართალდარღვევები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს გზებზე ავარიებს, ჩვენი მოქალაქეების დაშავებას და სამწუხაროდ, გარდაცვალებასაც, სწორედ ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ცვლილებების შემუშავება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უწყების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე ისაუბრა, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობისთვის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე მატერიალური მიმართულებით. კერძოდ, ბევრი ტექნიკური საშუალება დაინერგა იმისთვის, რომ გზებზე საგზაო მოძრაობის წესების დაცვა გაკონტროლდეს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახდენთ მონიტორინგს იმ ნორმების აღსრულებაზე, რომლებიც პრაქტიკაში მოქმედებს და სადაც ვხედავთ რომ სანქცია არ არის ეფექტური და ვერ უზრუნველყოფს პრევენციას, ამ შემთხვევაში პერიოდულად მივმართავთ ხოლმე პარლამენტს ცვლილებებისთვის. სწორედ ერთ-ერთი მორიგი ცვლილებაა, რომელიც წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გავაანალიზეთ ის სამართალდარღვევები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება და ყველაზე მეტად იწვევს გზებზე ავარიებს, ჩვენი მოქალაქეების დაშავებას და სამწუხაროდ, გარდაცვალებასაც. შესაბამისად, სწორედ ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ცვლილებების შემუშავება“, – აღნიშნა დარახველიძემ ,,იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები