საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ჩამოყალიბების 10 წლისთავი აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საღამო საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით შედგა.
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას ტოლერანტობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ამ თარიღის აღნიშვნა საშუალებაა წინ წამოიწიოს და ხაზი გაესვას ტოლერანტობის პრინციპების მნიშვნელობას.
„ეს პრინციპები ხომ ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველია. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს ასევე აღვნიშნავთ თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შექმნის 10 წლის იუბილეს.
შემწყნარებლობა სწორედ ის ქვაკუთხედია, რომელიც აძლიერებს საქართველოს. ამის საუკეთესო მაგალითი კი თბილისია – მრავალეროვნული და მულტიკულტურული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით ცნობილი ქალაქი.
სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებაა ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაცული და ჩართული ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ ტოლერანტობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე დამსწრეთ სიტყვით დედაქალაქის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ მიმართა.
„მრავალი ერი ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობს ჩვენს დედაქალაქში. განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა და ეს დღეც, ტოლერანტობის დღე, ჩვენთვის მართლაც გამორჩეულია. მადლობა თბილისის საკრებულოს იმისათვის, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ჩვენ დღესაც გვქონდა შესაძლებლობა ეს დღე აღგვენიშნა ამ მართლაც განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა ღონისძიებაზე ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს 10 წლიანი საქმიანობა შეაჯამა.
„თბილისის საკრებულოში უკვე ათი წელია ეს დღე აღინიშნება. საბჭომ, რომელიც საკრებულოში უკვე ათი წელია მოქმედებს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მომავალში კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა რიტა ხიდირბეგიშვილმა.
ღონისძიებაზე, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს 10 წლის საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება ისნის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბავშვთა თეატრის „თაობა“ თეატრალური წარმოდგენით გაიხსნა და ანსამბლ „მართვეს“ შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 16 ნოემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვადასხვა თემის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.