ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ახალი წესები, რომლებიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად და მოქნილად შეაჩერონ მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლა, თუ გაჩნდება უსაფრთხოების, მიგრაციის ან სამართლებრივი შესაბამისობის რისკები.

“განახლებული წესებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება უფრო მარტივად მოხდება, თუ გაიზრდება ამა თუ იმ ქვეყნიდან ევროკავშირში ჩასული მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე უარის თქმის ან მათ მიერ ევროკავშირში დარჩენის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევები, ასევე თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების ან ამ მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური დანაშაულების რიცხვი.

ახალი წესების მიხედვით, პირველ ჯერზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდება 12 თვით, ამჟამად მოქმედი ცხრა თვის ნაცვლად. ეს პერიოდში შეიძლება კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს.

დროებითი შეჩერების ეს უფრო ხანგრძლივი ფაზა საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ითანამშრომლოს შესაბამის მესამე ქვეყანასთან იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია (უვიზო რეჟიმის სამუდამოდ გაუქმებამდე).

ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს ვიზების გაუქმების მიზანმიმართულ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე მოქმედებს საწყისი პერიოდის გახანგრძლივებისას, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ იმოქმედებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები