თბილისი მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
თბილისი მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა სრბუი გალიანმა გახსნეს.
მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს იუსტიციის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„ჩვენს ქვეყნებსა და სამინისტროებს შორის სექტორული თანამშრომლობის ეს ფორმატი არის მრავალწლიანი, მეგობრული, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობის ნათელი მაგალითი. მჯერა, რომ ფორუმის ფარგლებში გაზიარებული გამოცდილება დაეხმარება ჩვენი ქვეყნების სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებას და ღონისძიებაზე გამართული მრავალფეროვანი დისკუსიები გზას გაუხსნის მეტად ინტენსიურ თანამშრომლობას“, – განაცხადა პაატა სალიამ.
სომხეთის იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში. მისი თქმით, საქართველოს გამოცდილება ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სომხეთს დაეხმარება რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.
ფორუმი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის წარმატებულ პლატფორმას წარმოადგენს. ორი ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუტების წარმომადგენლები თემატურ სესიებზე განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა, ციფრული სერვისების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის როლი სამართლებრივ სფეროში, მედიაცია და სხვა.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში სომხეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში დანერგილ პრაქტიკასა და მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, დაგეგმილია ვიზიტები იუსტიციის სახლსა და ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში.