ზურაბ აბაშიძე ლავროვის უწყების განცხადებაზე: ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, ვერ გეტყვით რა დაესიზმრათ
ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 თებერვალს, სტუდენტების მიერ სამინისტროსთან დაგეგმილი აქცია, არ ვიცი, – ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრი, რომელმაც აღნიშნული კომენტარი გააკეთა, 2013 წლიდან ფუნქციონირებს.
„ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 თებერვალს, სტუდენტების მიერ სამინისტროსთან დაგეგმილი აქცია, არ ვიცი.
როგორც აღმოჩნდა, ეს აქცია საერთოდ არ ტარდება. ვერ გეტყვით, რა დაესიზმრათ. ზოგადად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული ცენტრი, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა, ფუნქციონირებს 2013 წლიდან, ის ახორციელებს კრიზისული და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამ ინფორმაციას შემდეგომ აწვდის რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობენ. ასეთი კომენტარები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც კეთდება, ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „გლობალ ფაინენსის“ კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგადად კი 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, ხოლო რუსეთი 108-ე პოზიციას. დასკვნები შეგიძლიათ თავად გააკეთოთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში, განათლების სამინისტროსთან 3 თებერვალს სტუდენტების აქცია იგეგმება. უწყება რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, მასობრივი შეკრების ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.