„სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ვიამაყებ, რომ ქართველი გოლიათი მქვია!“

სპორტი ადრეული ბავშვობიდან აინტერესებდა. ძალისმიერი სამჭიდით კი 14 წლიდან დაინტერესდა… მას მერე უამრავი ასპარეზობის გამარჯვებულია. მათგან მნიშვნელოვანია საქართველოს 14გზის რეკორდსმენობა წოლჭიმში, სამჭიდში, ამოწევაში, საქართველოს 21გზის ჩემპიონობა ძალისმიერ სამჭიდში;
არის ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიოს რეკორდსმენი ძალისმიერ სამჭიდში.
2017 წლის აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი ძალისმიერ სამჭიდში ipf- ის ვერსიით.
საქართველოს 21 გზის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში ipf-ის ვერსიით; საქართველოს 3გზის ჩემპიონი ძალისმიერ ექსტრიმში.
2017
წლის გინესის რეკორდსმენი.
მადრიდის გრამ პრის ჩემპიონი ძალისმიერ ექსტრიმში, მსოფლიო თასის ჩემპიონი, ვარშავის ექსპოს პრიზიორი…  – ქართველი გოლიათის, ჭაბუკა ჭიღლაძის პერსონა.

– მამაჩემი სპორტსმენი იყო,  ძმა ჩემზე 15 წლით უფროსია და ორივემ ვარჯიში საკმაოდ ადრეულ ასაკში დამაწყებინეს. დედაჩემიც, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის გვერდით მიდგას და მეხმარება მიზნის მიღწევაში.
 როდის დაინტერესდით ძალისმიერი სამჭიდით, ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ სპორტი…
– ძალისმიერი სამჭიდით 14 წლიდან დავინტერესდი, მაგრამ მაშინ ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში არ იყო შეჯიბრი და დივიზიონი. ამიტომაც პირველ შეჯიბრზე 16 წლის ასაკში პირველად გამოვედი.
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტი დაამთავრეთ…
–  კარიერაზე ჩემმა სტუდენტობამ დიდი როლი შეასრულა.
არასდროს დამავიწყდება ლექტორების და მასწავლებლების, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის თანადგომა. განსკუთრებულად მინდა აღვნიშნო ქალბატონი თამარ ჩიკვილაძე, რომელიც დეკანის მოადგილე იყო და ყოველთვის შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა, რომ სპორტი და სწავლა ერთმანეთისთვის შემეთავსებინა.
დიდ მადლობას ვუხდი მას.
– პირველი გამარჯვება ძალისმიერ სამჭიდში, რომელმაც დიდი სიხარული მოგიტანათ…
– 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ამ ტიტულისთვის 13 წლიდან ვვარჯიშობდი! ძალიან გამიხარდა ეს გამარჯვება და მას შემდეგ არცერთ ასაკობრივ კატეგორიაში პირველობა არ დამითმია.
– უამრავი ასპარეზობის გამარჯვებული ხართ… რომელს გამოარჩევდით და რატომ?
– ყველაზე მეტად გამოვარჩევდი აღმოსავლეთ ევროპის თასს, რომელიც ჩემი პირველი საერთაშორისო ასპარეზი იყო და საქართველოს ნაკრებმა გუნდური ოქროს მედალი მოიპოვა. გაუსაძლის პირობებში მომზადებისა და გამოუცდელობის მიუხედავად, ჩემპიონები გავხდით. ბოლო წამამდე არავის სჯეროდა, რომ საქართველოს ნაკრები მაშინ დაამარცხებდა ლიტვისა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს, რადაგან ეს სპორტი იქ უკვე საუკუნეზე მეტია განვითარებულია, ჩვენ კი რამდენიმე წლის დაწყებული გვქონდა.
ქართველი გოლიათი, – ასე გქვიათ. როგორ იფერებთ ამ სახელს? როგორი განცდაა გოლიათობა? ალბათ შეგრძნება იმისა, რომ ყველაზე ძლიერი ხართ…
– ზოგადად სპორტის სახეობას მეორენაირად გოლიათების თამაშებს ეძახიან. ეს სახლიც ალბათ აქედან დამარქვეს. არ ვიცი, ალბათ ჩემმა ზომებმაც შეასრულა დიდი როლი, მაგრამ  ჩემთვის სასიმოვნოა, როდესაც კოსტა მაისურაძეს ან კოლია ქვარიანს ეძახდნენ ერთ დროს ქართველ გოლიათს და დღეს მათ სახელს მე ვაგრძელებ. ეს ჩემთვის პასუხისმგებლობაა როგორც ფიცარნაგზე, ისე ცხოვრებაშიც.
– სტრონგმენი და გოლიათი… ჩვენი წინაპრები უძლიერეს მამაკაცებს სტრონგმენს არ ეძახოდნენ…
– სტრონგმენის მრავალი მოძრაობა საკმაოდ ადრე არსებობდა საქართველოში, თუნდაც „საჯილდაო ქვა“. დღეს რასაც სტრონგმენის მსოფლიოს ასაპარეზზე ვაკეთებთ, ჩვენი წინაპრები დღესასწაულებზე აკეთებდნენ ძალის და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად.
დღეს ამბობენ, რომ საქართველოში საჯილდაო ქვებს სწევდნენ და ისინი ძლიერები იყვნენ, მაგრამ სპორტის ყველა სახეობა  – ჭიდაობა, ძალოსნობა, სამჭიდი განვითარდა, ყველაფერი ტექნიკაზე გადაეწყო, ხოლო სტრონგმენი იმ ბურტალური ძალის ანალოგია, რასაც საჯილდაო ქვა ერქვა.
და საჯილდაო ქვა ეს იმ მრავალი მოძრაობის მაგალითია, რომელსაც ქართველები აკეთებდნენ, ხოლო ამერიკასა და მსოფლიოში ამ მოძრაობების ავტორს სტრონგმენს ეძახიან.   საქართველოში სპორტის ეს სახეობა უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა ფედერაციაშია და, სახელის მიუხედავად, ყველა ქვეყანაში ქართველ ათლეტებს ქართველ გოლიათებად იცნობენ.
– როგორც სპორტსმენს, რა პრობლემები გაქვთ?
– ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ფინანსური და პიარის მხარეა. ხალხმა არ იცის, რას ნიშნავს და რა სირთულეა, იყო სტრონგმენი, ქართველი გოლიათი. ძალიან რთულია იმ რეკორდების აწევა, რასაც ეკრანიდან წამების მანძილზე ადევნებს მაყურებელი თვალს. ამ რეკორდამდე მისვლა თვეებისა და წლების,  დიდი ძალისხმევის ფასად ხდება. ამ ყველაფერში ფედერაციას და სპორტსმენებს დახმარება სჭირდებათ, როგორც პიარის, ასევე ფინანსური კუთხით.
– ჰობი… გატაცება…
–  ძირითადად, ჩემს სპორტს მიაქვს ჩემი ცხოვრების მაქსიმალური დრო. ძალიან ცოტა დრო მრჩება. თავისუფალი დრო თუ მაქვს, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად ვიყო, რადგან ვიცი, რომ როცა მომზადებას დავიწყებ, ვეღარ მოვიცლი და ძალიან მომენატრება იმ ხალხთან ერთად გატარებული დრო, რომლებიც ყველაზე მეტად მგულშემატკივრობენ.
– ისტორიული გმირებიდან ვის მიბაძავდით?
– მეხუთე კლაში რომ ვიყავი, ისტორიაში ვისწავლე თამარ მეფის პერიოდი, სადაც წავიკითხე მეომარზე, რომელსაც შალვა თორელი ერქვა. იმდენად გამიტაცა ერთმა აბზაცმა, ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოვიტანე და მისი მთელი ცხოვრება წავიკითხე. იგი ყველაზე მეტად მხიბლავს ქარიზმით, შეუპოვრობით. არ მინდა ამ სიტყვებით საქართველოს სხვა გმირები დავაკნინო. მე ვამაყობ ჩემი პატარა ქვეყნით, რომელსაც ამდენი გმირი ჰყავდა, მაგრამ შალვა თორელი-ახალციხელი ჩემთვის  სიმამაცის და გმირობის მაგალითია.
– თუ გაქვთ ურთიერთობა სხვა ქვეყნის გოლიათებთან?
– რა თქმა უნდა, მაქვს საკმოდ კარგი მეგობრები მყავს სხვა ქვეყნებში. გოლიათები ძლიერი სპროტსმენები არიან, რომლებთანაც სპროტმა დამამეგობრა და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ.
ძალისმიერი სპორტის სახეობების მეფეა სტრონგმენი –  ყველაზე ძნელი და ყველაზე შრომატევადი! მე ვამაყობ იმით, რასაც ვაკეთებ და ყოველთვის, სადაც არ უნდა წავიდე, ვიამაყებ, რომ ქართველი გოლიათი მქვია! არასდროს ვინანებ არჩევანს. ყოველთვის ვიგრძნობ სიამაყეს, რომ ვაკეთებ იმას, რაც ყველას არ შეუძლია!“ – ასე დაწერეთ ფეისბუქზე.  სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები… მინდა, რომ კიდევ უფრო მივუახლოვდე წელს მსოფლიო დონეს. ვიცი, ეს 24 წლის სპორტსმენისგან დიდი განაცხადია, მაგრამ ცხოვრებამ ახლა მომცა შანსი და არ ვიცი, ხვალ რა იქნება. სანამ  ძალა მაქვს, სანამ ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ, მინდა, მივუახლოვდე მსოფლიო დონეს კიდევ იმდენით, რამდენიც საჭირო იქნება, რომ როდესმე მოვიპოვო უძლიერესის ტიტული.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები