განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, ჟვანიას სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მერაბ ტურავამ, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მერაბ ტურავამ, №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
პროგრამა ხორციელდება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. მისი მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა საწყის-საკომუნიკაციო დონეზე.
პროექტის პირველ ეტაპზე, მსჯავრდებულთა საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამა განხორციელდა №2, №5 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში და 98 მსჯავრდებული გადამზადდა.
პროგრამა მსჯავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ ქართულ ენას ან განიმტკიცონ არსებული ცოდნა, დაძლიონ ენობრივი ბარიერები და სრულფასოვნად ჩაერთონ პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, დასაქმებისა და სხვა რეაბილიტაციურ ღონისძიებებში. აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და გათავისუფლების შემდგომ მათ საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.