ლომია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე: პოლიტიკოსმა რატომ უნდა გააკეთოს განცხადება ეკლესიაზე წინ და ვიღაცას რაღაცა მიულოცოს?
პოლიტიკოსმა რატომ უნდა გააკეთოს განცხადება ეკლესიაზე წინ? – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მილოცვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ლომიას თქმით, რელიგია და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს.
„საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს, რომ საქართველო აგვიანებს მილოცვას ? ვინ უნდა ულოცავდეს უკრაინას ავტოკეფალიას? პოლიტიკოსი? „ნაცმოძრაობის“ და სხვა იმ ლიბერალური პოლიტიკური პარტიების პოლიტიკოსებმა მიულოცეს უკრაინის პოლიტიკოსებს ავტოკეფალია? მიულოცეს. რატომ მიულოცეს? რა ესმით მათ ავტოკეფალიის ან რელიგიის? პოლიტიკოსმა რატომ უნდა გააკეთოს განცხადება ეკლესიაზე წინ და ვიღაცას რაღაცა მიულოცოს? ეს არ მესმის. ეკლესია კი არ დუმს, ეკლესია მსჯელობს. ესე იგი ეკლესიას მეტად ესმის ეს საკითხი.
ეკლესია კი არ დუმს, არამედ მსჯელობს, შენ კიდევ მეტიჩრულ განცხადებას აკეთებ , ვულოცავო. რას ულოცავ? რა გესმის შენ ავტოკეფლიის, ან ეკლესიის დამოუკიდებლობის? ჯერ ერთი ავტოკეფალიაზე როცა ვსაუბრობთ, უკრაინამ არ მიიღო თავისუფლება, ის პირდაპირ ემორჩილება მსოფლიო პატრიარქს. მეორეც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – რამდენი ეპისკოპოსი ჰყავს უკრაინას? 95 აქედან მხოლოდ 2- მა აღიარა ავტოკეფალია, 93-მა არა.თავად უკრაინელი ეპისკოპოსი, რომელიც იქ მოღვაწეობს, არ აღიარებს და თქვენ გინდათ, რომ საქართველოდან პოლიტიკოსმა მხარი დაუჭიროს და აღიაროს?
ყოველთვის, როცა რელიგიაზე ვსაუბრობთ, რატომღაც ვრევთ პოლიტიკას. ერთი რამ უნდა გავიგოთ – უნდა გაიმიჯნოს“- განაცხადა ლომიამ.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
ამ დრომდე საქართველოს ეკლესიას პოზიცია არ დაუფიქსირებია.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხს 11 იანვრის პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„დღეს, მე როგორც კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ, საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ რაღაცებს, რაღაც შედეგების გამო, რომელზედაც არ მინდა ახლა ხაზგასმა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, არ შეიძლება, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე “პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინისათვის ავტოკეფალიის მილოცვის დაყოვნება ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებისათვის ზიანის მომტანია.
ბოკერიას აზრით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ საეკლესიო საკითხი
“ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესია შერწყმულია პუტინის რეჟიმთან და წარმოადგენს ამ რეჟიმის ინსტრუმენტს მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში და მთლიანად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენა და მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება არ არის”- განაცხადა ბოკერიამ.
თამუნა შეყილაძე