თამარ ჩუგოშვილი მედოევის განცხადებაზე: სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ბუნებაში არ არსებობს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს “აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს.
ჩუგოშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი, როგორც რესპუბლიკა არ არსებობს. ამიტომ მისივე შეფასებით, ასეთი განცხადება მორიგი პროვოკაციული მცდელობაა.
“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ეს არის მთლიანად საქართველოს შემადგენლობა. ასეთი განცხადებები, რაც შეიძლება კეთდებოდეს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მორიგი პროვოკაციული მცდელობები, რომელსაც ჩვენ მიჩვეული ვართ, როგორც რუსეთის, ასევე, მათი რეჟიმის მხრიდან”, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები: თრუსოს ხეობა, კობი-გუდოს ხეობა, “აღმოსავლეთ ოსეთის” ტერიტორიებია და ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება.