ირმა ინაშვილი: ეკა ბესელიას ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ამაზრზენია
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, დეპუტატ ეკა ბესელიას ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რაც ფარული ჩანაწერების გავრცელებასაც მოიცავს.
„ამაზრზენი და ყოვლადმიუღებელია კამპანია და პროცესი, რაც ვითარდება ეკა ბესელიას ირგვლივ და ეკა ბესელიასთან მიმართებაში! ბავშვსაც ესმის, რომ ამ არაადამიანური, შავი კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებისთვისაც მიუღებელია ეკას პოზიცია და ყველაფერი ეს, ეს მარაზმი სწორედ ეკა ბესელიას პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების გამო ხდება! მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს,- დაიდოს გამოძიების კონკრეტული შედეგი,- ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან! იმედი მაქვს, ზემოთხსენებულ პირებს ესმით, რომ მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც თავის დროზე ჩვენს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა“,- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სოციალური ქსელში მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი ვრცელდება.