ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში კარლ გერშმანს შეხვდნენ
საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა.
ქართულმა მხარემ ორგანიზაციის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის, ღია მმართველობის პარტნიორობისა და დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ანალიტიკური მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების მიღების პროცესში.
ამ კუთხით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს პარლამენტის დახმარების ინტერესი გამოხატა და ინტერესი გამოთქვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტთან ერთად ორგანიზება გაუკეთოს ღონისძიებას წევრი ქვეყნებისთვის.
შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.