მამუკა ბახტაძე: ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები შედეგები მოგვიტანა

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, ჩვენ მიერ გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები შედეგები მოგვიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკურ კონფერენციაზე – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, ჩვენ მიერ გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან და ჩემთვის ძალიან საამაყო გახლდათ, რომ ფაქტობრივად ყველა პანელზე, რომელიც ეხებოდა განვითარებად ბაზრებს (emerging markets), საქართველო ყველას მოჰყავდა, როგორც საუკეთესო მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატიის ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, იმ თამამი რეფორმებისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმარისი არ არის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავარ და მტკივნეულ გამოწვევად ჯერ კიდევ სიღარიბე რჩება.
“შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ფოკუსირებული არ იყოს 1-2 მსხვილ ქალაქში. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ გახლავთ. ზოგადად, ინკლუზიური ზრდა არის გლობალური ხასიათის პრობლემა, თუმცა, ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით და რომლებსაც გადავდგამთ, საქართველოში ასეთი ტიპის ზრდის მიღწევაში დაგვეხმარება. ინკლუზიური ზრდა წარმოუდგენელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, შესაბამისად, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი გახლავთ”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები