სალომე ზურაბიშვილი: სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთთან დიალოგი დაუშვებელია
„ვიდრე რუსეთის ხელისუფლებისგან არ წამოვა გზავნილი, რომ მოსკოვი მზად არის, საოკუპაციო ხაზი გადასწიოს, მანამდე, ჩემი აზრით, რუსეთთან დიალოგში მარტო შესვლას აზრი არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.
„ვიდრე რუსეთის ხელისუფლებისგან არ წამოვა გზავნილი, რომ მოსკოვი მზად არის, საოკუპაციო ხაზი გადასწიოს, ასევე არ არის არანაირი ნიშანი ჩვენი მოკავშირე ამერიკელებისა და ევროპელებისგან, მანამდე, ჩემი აზრით, რუსეთთან დიალოგში მარტო შესვლას აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ, სად მიგვიყვანს ეს გზა ან რა აზრი აქვს საუბარს პუტინთან, რომლის ქმედებები უფრო ხისტი ხდება. როგორც დიპლომატი, მივიჩნევ, რომ დიალოგზე უარი არ შეიძლება, თუ შედეგების მიღწევა გვსურს, თუმცა აუცილებელია, იყოს შესაბამისი კონტექსტი და არსებობდეს აუცილებელი შემადგენელი ელემენტები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.
კითხვაზე, რატომ აგრძელებს რუსეთი აგრესიულ ქმედებებს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „მოსკოვში უბრალოდ, სხვა არაფრის გამოგონება არ შეუძლიათ“.
„რუსეთი ხელისუფლება აგრძელებს იმპერიულ და შემდეგ საბჭოთა ხაზს – დაყავი და იბატონე. მათ ალტერანტიული პოლიტიკა არ აქვთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.