სალომე ზურაბიშვილი: NDI-ის გამოკითხვაშიც ჩანს, რომ დღეს ჩვენთან ევროკავშირისა და ნატოს მიმართ განწყობა უცვლელია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ NDI-ის გამოკითხვაშიც ჩანს, რომ დღეს ჩვენთან ევროკავშირისა და ნატოს მიმართ განწყობა უცვლელია.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის ეს განწყობა მან ბრიუსელში ჩაიტანა.
„ევროკავშირის ყველა პირველი პირი თანხმობას აცხადებს საქართველოში ჩამოსვლაზე. მაგალითად, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თანხმობა მომცა არა მხოლოდ ბათუმის კონფერენციაზე ჩამოსვლაზე, არამედ იმაზეც, რომ ოფიციალური ვიზიტი იყოს, რომელიც ჯერ თბილისში დაიწყება და შემდგომ, ერთად ჩავალთ ბათუმში. ასევე იუნკერი, აგრეთვე, კომისარი ბარნიე, რომელიც “ბრექსითის” საკითხებში წამყვანი ფიგურაა. მანაც გამოხატა ბათუმის კონფერენციაზე დასწრების სურვილი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან დაფასებულია და ევროკავშირის ინტერესებში მაღლა დგას, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელშიც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ევროენთუზიაზმი.
ეს NDI-ის გამოკვლევაშიც ჩანს, რომ დღეს ჩვენთან ევროკავშირისა და ნატოს მიმართ განწყობა უცვლელია. ეს ის განწყობაა, რაც მე ბრიუსელში ჩავიტანე. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხზე ქვეყანაში სრული კონსენსუსია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 78%-თვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი – მისაღებია.
ამასთან, 13% თვლის, რომ მიუღებელია, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 9%-მა გასცა.