ოკაცეს კანიონზე უბედური შემთხვევის შედეგად, 47 წლის მამაკაცი დაიღუპა

ოკაცეს კანიონზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 47 წლის მამაკაცი დაიღუპა. შპს „ინტერკონტინენტალის“ მუშა, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ხევში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ ობიექტის ხელმძღვანელმა, ზაზა გაგუამ განუცხადა.
მისი თქმით, გარდაცვლილი 47 წლის მამაკაცია, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი იყო.
შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე კიდული ბილიკი იცვლებოდა.
როგორც “კვირას” ზაზა გაგუამ განუცხადა, სარემონტო სამუშაოებს კანიონზე შპს „ინტერკონტინენტალი“ აწარმოებდა.
ზაზა გაგუამ, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა უბედური შემთხვევა, გარდაცვლილის ვინაობა ვერ გაიხსენა.
„ოკაცეს კანიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც შპს „ინტერკონტინენტალი“ აწარმოებდა. როგორც ჩანს, მუშაობის დროს არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, რის შედეგადაც უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა ჩვენი კონტრაქტორის მუშა, რომელიც არის ტყიბულის რაიონის მცხოვრები“, – აღნიშნა ზაზა გაგუამ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
240-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ უსაფრთხოების წესის დარღვევამ გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე. ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ან უამისოდ.
ხოლო იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე. ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები