ქეთევან ციხელაშვილი: მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასარიდებლად, ე.წ. საზღვრები გახსნან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში “ღორის გრიპის” ვირუსის არსებობის გამო, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გაუმართლებელია.
მან საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს მოუწოდა, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასარიდებლად, ე.წ. საზღვრები გახსნან
“აბსოლუტურად მიუღებელია ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. უკვე მე-12 დღეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც “ტრანსკამით” გადაადგილება დაკეტილი გახლავთ დიდთოვლობის გამო. მოსახლეობას აქვს რეალური პრობლემა, ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის ბავშვის საკვებზე წვდომის, ეს მართლაც საგანგაშოა.
არანაირი გამართლება არ აქვს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას. თითქოსდა არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით, რადგან სიტუაცია არ არის ეპიდემიური, არ არის მდგომარეობა გაუარესებული, პირიქით, გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით და ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რათა მოსახლეობას რეალურად შეექმნას სასიცოცხლო საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები. მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს, გადაიხედოს გადაწყვეტილება და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდების მიზნით, ე.წ. გამშვები პუნქტები დროულად გახსნან“, – აღნიშნავს ციხელაშვილი.