ქეთევან ციხელაშვილი: თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინმეს აღმოაჩნდება H1N1 ქართული მხარე დახმარებისთვის მზადაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ “ღორის გრიპის” ვირუსის გამო, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა მოსახლეობის დაცვას არ ემსახურება.
მისივე თქმით, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინმეს აღმოაჩნდება ეს ვირუსი, ქართული მხარე მზადაა ამ საკითხში მათთან ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს.
„ამ დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. ჩვენი ამოცანა არის ერთი – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ინტერესებიდან გამომდინარე მივაღწიოთ შედეგს, რომ აღდგეს იმ ტიპის მოძრაობა, რომელიც მათ ჰქონდათ და შემდეგ უკვე გაფართოვდეს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება გადაადგილება. მაინც მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ყველას მხრიდან იქნება გაცნობიერებული არამხოლოდ სამართლებრივი მხარე, არამედ ჰუმანიტარული მხარეც. საბაბად რაც არის დასახელებული – გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროება – რეალურად, ეს ზომა არის არაადეკვატური, არ ემსახურება მიზანს, რომ დაიცვას მოსახლეობა. ეს ვირუსი არ არის საქართველოში იმ დონეზე გავრცელებული, რომ იყოს ეპიდემიური მდგომარეობა. ეს ვირუსი გავრცელებულია ყველგან, ანუ ამ მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა აბსოლუტურად არ ემსახურება მიზანს და იმ შემთხვევებში თუკი ეს ვირუსი აღმოაჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, პირიქით, დავეხმარებით, რომ ვუმკურნალოთ მათ და ამ საკითხში ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები