ბექა ნაცვლიშვილი: „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესმა უკეთესი კონტურები შეიძინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებმა „უკეთესი კონტურები“ შეიძინა. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება პროცესს, რომელიც მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“, ამ პროცესმა გარკვეული თვალსაზრისით,უკეთესი კონტურები შეიძინა, ვიდრე აქამდე ჰქონდა. საბოლოოდ, სხვადასხვა ჯგუფის ძალისხმევით, პოზიციები იმასთან დაკავშირებით დაახლოვდა, რომ მოსამართლეთა შერჩევის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული რიგი, საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები. საბოლოო გადაწყვეტილებამ გარკვეული თვალსაზრისით ეს პოზიციები დააახლოვა და ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში იმ სიმწვავის განცხადებები აღარ კეთდება, როგორიც ადრე კეთდებოდა. ზოგადად, რომელიმე დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა არის პოლიტიკური პარტიის პრეროგატივა, ამიტომ ეს უფრო ანალიტიკოსების გასარჩევი საქმეა, ვიდრე კოლეგა პოლიტიკოსების“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათი კანდიდატი წარუდგინა. უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო. სია მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი გახდა.
საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია.
12 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებაა საჭირო და ამას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი გააკეთებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები