„დადებითად ვაფასებ ფაქტს, რომ კონცეფცია არსებობს”, – კასრელიშვილი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის არსებობას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, დროა, რომ საქართველოში უწყებებს განსაზღვრული ჰქონდეთ სტრატეგია და ტაქტიკა.
„დადებითად ვაფასებ თვითონ ფაქტს, რომ კონცეფცია არსებობს. დადებითად ვაფასებ თვითონ ამ მოვლენას. დროა საქართველოში უწყებებს, განსაზღვრული ჰქონდეთ სტრატეგია და ტაქტიკა“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.
სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ხაზს უსვამს, როგორც სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მოქმედებების, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.