ეკა ბესელია: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფია და მონაცემები უნდა შევისწავლოთ
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რადგან თან არ ახლავს ბიოგრაფია და მონაცემები. უნდა შევისწავლოთ ყველას ბიოგრაფია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხის განხილვას მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროცედურების ზუსტი დაცვა სჭირდება.
“ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი საკითხი. ამ საკითხს მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროცედურების ზუსტი დაცვა სჭირდება. კანდიდატების თაობაზე ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რადგან თან არ ახლავს ბიოგრაფია და მონაცემები. უნდა შევისწავლოთ ყველას ბიოგრაფია. პროცედურა მოითხოვს, რომ კანდიდატებს მოვუსმინოთ და კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღოს, რეკომენდაციას ვის აძლევს და ვის – არა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს ძალიან ეჩქარება, რადგან მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს, ეს პრობლემური მოცემულობა კანონის ხარჯზე არ უნდა გამოსწორდეს”, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გუშინ გაასაჯაროვა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.