ადვოკატთა ასოციაცია ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმეზე მრავალწლიანი უშედეგო გამოძიება დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს მართლმსაჯულების სისტემას.
„ამიტომ, სოლიდარული ვართ პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახის წევრთა მოთხოვნის მიმართ – არ შეწყდეს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე. პოზიტიურად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის ინიციატივა, დაჩქარებული წესით მოახდინოს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის ისეთი დარეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის საქმეზე გაგრძელდეს და გონივრულ დასასრულამდე მივიდეს გამოძიების პროცესი.
აქვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ დროულად მოახდინოს იმ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც შეეხება დაზარალებულად ცნობილი პირისათვის საქმის მასალების გადაცემის უფლებას.
ამასთან, საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებთ, მიუხედავად დიდი დროის გასვლით შექმნილი სირთულეებისა, საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ღია კითხვას გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ სამართლებრივი ინსტრუმენტის შემუშავებაში, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები