„მიუღებელია ოკუპანტთან სიმღერა ან ცეკვა“- ოქიტაშვილი პაატა ბურჭულაძეზე

კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ქართველი არტისტების მიერ ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტის გამართვა მიუღებელია. ამის შესახებ ოქიტაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ოქიტაშვილი ქართველი ბანის, პაატა ბურჭულაძის რუსეთში გამართულ კონცერტზე გამოსვლას გამოეხმაურა.
„ჩემთვის როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუღებელია ოკუპანტთან სიმღერა, ან ცეკვა.
აქ კიდევ სხვა თემაა: პაატა ბურჭულაძე არის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი. ვიცით ამ ხალხის დამოკიდებულება, როგორ ლანძღავენ ადამიანებს, თუ ისინი ჩადიან რუსეთში, რომელიმე საღამოში მონაწილეობენ, სადაც სიტყვაზე ვამბობ, არ ესწრება რუსეთის პრეზიდენტი და ა.შ. ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ის ლანძღავს მის კოლეგებს, მის გუნდის წევრებთან ერთად. მიხარია, რომ მის გუნდშიც აზრი ორად გაიყო. ზოგი ამბობს, მან იმღერა და არ იცოდა , რომ იქ რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდაო, ზოგი ამბობს, რომ მან ჩაიდინა დიდი დანაშაული. მე მინდა, იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ამბობს, რომ მან არ იცოდა პუტინის დასწრების შესახებ, ეს არის ტყუილი, იქიდან გამომდინარე, რომ როცა ამა თუ იმ ღონისძიებაზე ესწრებიან თანამდებობის პირები, ეს პროტოკოლით თვეებით ადრეა გაწერილი. ვთქვათ, არ იცოდა, რომ პუტინი ესწრებოდა ამ საღამოს, ის გახდებოდა გმირი, ის წყენა რაც დღეს ქართველ ხალხს აქვს მის მიმართ, საერთოდ დაავიწყდებოდათ, რომ გამოსულიყო და ეთქვა, არ ვიმღერებ თქვენს წინაშეო. თქვენ გახსოვთ, „ერისიონი“ რა დღეში ჩააგდეს, ჭკუასელს ინფარქტმა დაარტყა.; მისგან განსხვავებით ისინი არ ცეკვავდნენ პუტინის წინ. ანალოგიური შემთხვევა იყო ნინო ანანიაშვილის, როცა 2008 წელს წავიდა და იცეკვა რუსეთში“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
კონცერტი, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, რუსი დირიჟორის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ბურჭულაძემ კონცერტზე მყოფი აუდიტორიის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინაშე ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან “დაისი” ერთერთი არია – “ღვინოვ კახურო” შეასრულა.
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს განცხადებით გამოეხმაურა და განმარტა, რომ იგი მონაწილეობდა რუსი დირიჟორისა და მისი დიდი ხნის მეგობრის იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გალა კონცერტში.
როგორც ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, იური ტემირკანოვი საქართველოში 2008 წლის საიუბილეო კონცერტზეც იყო ჩამოსული, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები