ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო პასუხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები