მამუკა ბახტაძე: რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარები არ გაჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
პრემიერის თქმით, რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარები არ გაჰყავს.
„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვადევნებ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო იყენებს ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას, რათა მსოფლიოს თავის გზავნილი მიაწვდინოს.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა იქნა სწორედ ერთობლივი ძალებით დაძლეული. მე ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც პირდაპირ იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ინიციატივა, რომელსაც ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ჰქვია.