ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრაზე, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები შეაჯამეს

საქართველოს პარლამენტში ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრაზე, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის (TISIFF 2018)-ის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების დოკუმენტის საბოლოო რედაქციაზე იმსჯელეს, რითაც ფორუმმა მუშაობა დაასრულა.
როგორც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრამ, 2018 წლის თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები შეაჯამა. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი იანვრის დასაწყისში დასრულდება და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით, გაეროს გენერალური მდივნის აპარატს წარედგინება.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც ასახული უნდა იყოს საერთაშორისო ფორუმებში. ეს გახლავთ სოლიდარობის და ინოვაციური დაფინანსების პლატფორმები. ასევე, ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის, ბლოქჩეინტექნოლოგიები, რომელიც ყოველდღიურად იძენს მნიშვნელობას, გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამებში დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზაციისთვის. ეს ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, როგორც სახელმწიფო, ისე, ჰუმანიტარულ და განვითარებით პროგრამებში. საქართველომ, როგორც გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა ქვეყანამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რისთვისაც მადლობა მიიღო პარიზის სამდივნოს ხელმძღვანელობისგან”, – განაცხადა ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა.
2019 წელს ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყანა იაპონია იქნება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ძლიერი პარტნიორი ქვეყანა, როგორიც არის იაპონია და რომელიც 2019 წელს გახდება დიდი ოცეულის პრეზიდენტი ქვეყანა, ასევე, იქნება ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი. საქართველო იაპონიას გადააბარებს პრეზიდენტობას. მნიშვნელოვანია, რომ ის რეკომენდაციები, რომელზეც 2018 წელს საქართველო საფრანგეთთან ერთად მუშაობდა, აისახოს საერთაშორისო დიალოგში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2018) საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობდა.
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, ხუთი პლენარული და ოთხი პარალელური სესია გაიმართა, სადაც განიხილეს: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტები; ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის; კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი – ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.
თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა 150 დელეგატი, როგორც საქართველოს ასევე, 17 ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები