თამარ ჩუგოშვილი: წარმოუდგენელი მგონია, აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, ვინმემ დაუბლოკოს ელჩი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით Foreign Policy-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ელჩის კანდიდატურას ვერავინ ვერ დაბლოკავს. მისივე შეფასებით, წარმოუდგენელია ისეთ ძლიერ სახელწიფოს, როგორიც ამერიკაა, ვინმემ ელჩი დაუბლოკოს.
„ეს კითხვა თვითონ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მძლავრი ინსტიტუტია, ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს. მგონი, მიუღებელია მსგავსი რამ. აშშ-ს ელჩს ვერ დაბლოკავს ვერავინ ვერსად და ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის და თვითონ აშშ-ში იციან ძალიან კარგად. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს. აშშ-ს გამოგზავნილი ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოში. ზოგადად, ელჩები საქართველოს გარდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ ჰყავს დანიშნული და ეს თავიანთი საქმეა, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, ვინმემ დაუბლოკოს ელჩი, წარმოუდგენელი მგონია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია. მედიასაშუალებას მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ვაშინგტონში უთხრეს, რომ საქართველომ მიანიშნა, რომ ბრინქის კანდიდატურის დანიშვნის შესახებ დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.
ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი ან დამტკიცებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები