საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მე-7 რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჩინეთის დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჭან ჰანჰუი ხელმძღვანელობდა.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის საერთო ინტერესის მქონე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (FTA) დადებით შედეგებს, ასევე „სარტყელისა და გზის ინიციატივის” (Belt & Road Initiative) ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.
მხარეებმა ისაუბრეს მომავალ წელს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესაძლებლობაზე, დაიგეგმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი ჩინეთში სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის და გაზრდის მიზნით, ასევე საუბარი შეეხო ჩინელი სპეციალისტების შესაძლო ვიზიტს საქართველოში ჩაის და ბოსტნეულის წარმოების სექტორში ერთობლივი საწარმოების შექმნის მიზნით. განხილული იქნა ჩინეთის ჩრდილოეთის რეგიონებში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ქართველი ექსპორტიორებისთვის ბიზნესპარტნიორების გამოვლენის შესაძლებლობები და ამ მიმართულებით შეთანხმდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების აუცილებლობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის კოორდინაციაზე.
ცალსახად აღინიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას, ხოლო საქართველო, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის” პრინციპის ერთგული რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები