კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ცვლილებების მომზადების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.5%-ით დაიგეგმა, თუმცა 10 თვის წინასწარი მაჩვენებლებით რეალურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ეკონომიკის ზრდის განახლებული მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა. მისივე განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგად 240 მლნ. ლარით გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლები, რაც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც აისახა. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მხარჯავი დაწესებულებების მიმართ გამოყოფილი ფინანსების განახლებული მაჩვენებლები დეტალურად გააცნო. კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირეს.
ერთობლივი საკითხის განხილვის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მუშაობა დამოუკიდებლად გააგრძელა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განცხადება გააკეთა და მოსახლეობას სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
„გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ ერთობლივი მულტიინდიკატერული კვლევა ტარდება. ამჟამად ამ კვლევაში ჩაერთო მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას შეეხება. დადასტურებულია, რომ სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა იწვევს საკმაოდ მძიმე დარღვევებს გონებრივი და ზოგადი განვითარების კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს კვლევა, რათა დავადგინოთ და რეალური მტკიცებულებები მოვიპოვოთ რამდენად პრობლემატურია ეს საკითხი დედაქალაქის და რეგიონების მასშტაბით.
სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ ბავშვებისთვის სისხლის აღებაზე ბევრი მშობელი უარს აცხადებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ითანამშრომლონ სამედიცინო პერსონალის კვლევით ჯგუფებთან და ბავშვები გაატარონ შემოწმებაზე”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი კვლევა 0-დან 7 წლის ასაკის 1500-მდე ბავშვში ტარდება.
კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა და ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პარლამენტში და უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებში, ასევე საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვები აქტიურად მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების ვერ მიღწევის გამო ეს საკითხი ძალიან გაჭიანურდა. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს რაც შეიძლება სწრაფად განვაახლოთ მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თუ ჩვენ გვინდა, რომ წინ გადაიდგას ნაბიჯები, ეს კანონპროექტი აუცილებლად უნდა მივიყვანოთ დასასრულამდე”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმება” გააცნო. როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული შეთანხმება ბიუჯეტის მხარდამჭერ დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც სამი წლის განმავლობაში საფრანგეთის მხარე საქართველოს 105 მლნ. ევროს გამოუყოფს, რაც სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ ღონისძიებებს მოხმარდება.
სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ მესამე მოსმენით „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტები წარმოადგინა. აკაკი ზოიძემ კომიტეტის წევრებს რედაქციული ხასიათის ცვლილებები გააცნო, რომლებიც კანონპროექტის ამოქმედების ვადის დადგენას შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები