გია გაჩეჩილაძე: “ნაცმოძრაობა” არჩევნების წინ ატყუებდა მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებში განხეთქილების შეტანას ცდილობდა

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ ატყუებდა მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებში განხეთქილების შეტანას ცდილობდა, თითქოსდა ჰააგის ტრიბუნალის მიერ ქართველი ჯარისკაცების გასამართლება შეიძლებოდა მომხდარიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რის გამოც მას ოპონენტები რუსეთთან ურთიერთობას აბრალებდნენ, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
“რატომ აბრალებდნენ სალომე ზურაბიშვილს რუსეთთან ურთიერთობას – თითქოს მან განაცხადა, რომ საქართველომ დაიწყო კონფლიქტური სიტუაცია რუსეთთან მიმართებაში. ეს იყო ამოგლეჯილი კონტექსტიდან. ჯერ ერთი არსებობს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამტკიცებული, 2008 წლის 4 ოქტომბრის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა მხარი, აგრეთვე არსებობს 2008 წლის მთელი პერიპეტიები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მხრიდან ძალიან ცუდ მომენტებთან, როდესაც ის მალავდა რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე.
თუნდაც აიღეთ ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებული საკითხები, ძალიან საინტერესო ისტორიაა. მოგეხსენებათ, 2010 წელს, პირველად როდესაც იხილებოდა 2008 წლის ომის საკითხები გაეროს ჰააგის ტრიბუნალის სასამართლოში, არ მიიღო სასამართლომ განხილვაში, იმიტომ, რომ საქართველოს მხარემ დაარღვია პროცედურული წესები. სპეციალურად დაარღვია თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, განხილვა არ შედგა. როდესაც 2016 წელს თავიდან დაიწყო სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება ისევ ჰააგაში და ამაში ჰააგის პროკურატურა ჩაერთო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 2016 წლის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის ტრიბუნალის საკითხებში, ის გადის ამ საერთაშორისო ორგანიზაციიდან იმიტომ, რომ მათი ინფორმაციით, ტრიბუნალი განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს საქართველოში 2008 წლის ომის დროს. ასეთ სიტუაციაში დააკვირდით, როგორ იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნების წინ, როგორ ატყუებდა მოსახლეობას და რაც მთავარია, როგორ ცდილობდა ძალისმიერ სტრუქტურებში, ძირითადად შეიარაღებულ ძალებში, განხეთქილების შეტანას, როგორ ატყუებდა ჯარს, რომ თითქოსდა, ქართველი ჯარისკაცების გასამართლება შეიძლებოდა მომხდარიყო. ამ დროს, თვითონ რუსეთმა განაცხადა, რომ რუსეთის დანაშაულები იხილება და ისიც, მაღალჩინოსნების“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები