გაჩეჩილაძე: სახელმწიფო არ დაუშვებს რაიმე საფრთხის წარმოშობას, რაც არ უნდა დაინტერესებული იყოს სააკაშვილი და რუსეთის „ფე-ეს-ბე“

სახელმწიფო არ დაუშვებს რაიმე საფრთხის წარმოშობას, რაც არ უნდა დაინტერესებული იყოს სააკაშვილი და რუსეთის „ფე-ეს-ბე“ ამაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გია გაჩეჩილაძე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის შესაძლო გამართვის საკითხს გამოეხმაურა.
„სახელმწიფო არ დაუშვებს რაიმე საფრთხის წარმოშობას, რაც არ უნდა დაინტერესებული იყოს სააკაშვილი და რუსეთის „ფე-ეს-ბე“ ამაში.
მთელმა მსოფლიომ აღიარა ეს არჩევნები, დაწყებული ევროკავშირიდან დამთავრებული აშშ-თი, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ჩათვლით. ორმა სუბიექტმა არ აღიარა მხოლოდ და არ მიულოცა სალომე ზურაბიშვილს, ეს არის რუსეთის მხარე და გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ასევე რუსეთის მხარეს წარმოადგენს. დაწყნარდეს სააკაშვილი. მისი საქმე ძალიან ცუდად არის, გარდა იმ პასუხისმგებლობებისა, რომელიც მას აკისრია. ახლა მოგეხსენებათ, 7 ბოევიკის შემოსვლა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად, ალბათ, გახდება საფუძველი შემდეგი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა. მან ამით საბოლოოდ გაშიფრა თავი, ვის წარმოადგენს და რას წარმოადგენს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მათი ძალა ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა და ეს უბრალოდ დროის საკითხია.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი და ფანტასტიკური გეგმები. მხარს გვიჭერს აქტიური ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, რომელმაც წნეხის და დაშინების მიუხედავად, ეს არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი იყო საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს არის უბრალოდ დროის საკითხი, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს. თქვენს წინაშე დგას საქართველოს მომავალი მთავრობა. 16 დეკემბერს რას ვაპირებთ, ნახავთ 16 დეკემბერს. გეგმები გვაქვს ძალიან მწყობრი, რათა გამარჯვებამდე მივიდეს ეს ბრძოლა“, – განაცხადა ვაშაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები