გაჩეჩილაძე: ტყუილად ნუ ტეხენ აჟიოტაჟს, ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკითხიც მოიხსნება

ტყუილად ნუ ტეხენ აჟიოტაჟს, საზოგადოებას არ აქვს არავითარი მღელვარების საფუძველი. 16 დეკემბრიდან ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკითხიც მოიხსნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გია გაჩეჩილაძე უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„მოგეხსენებათ, 16 დეკემბერს, როცა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მოხდება, ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, რომელიც. ფაქტობრივად, კრძალავს საქართველოში უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვას. პირდაპირ არის ასეთი ჩანაწერი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს პრობლემა უკვე მოხსნილია საქართველოსათვის. რაც შეეხება იმას, რატომ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ წინა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი არ არსებობდა, აქედან გამომდინარე ჩვენ იძულებულები გავხდით, როცა მოვედით ხელისუფლებაში, რომ მორატორიუმი გამოგვეცხადებინა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით. არ ღირს ახლა მღელვარება ამ 1 კვირის გამო. 1 კვირა დარჩა ინაუგურაციამდე და ვფიქრობ, ყველა უნდა დაწყნარდეს, ყველაფერი კარგად იქნება. ძალაში შევა 16 დეკემბრიდან ახალი კონსტიტუცია და მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკითხი მოიხსნება საქართველოს ისტორიიდან.
არანაირი რეგისტრაცია არ მოხდება ამ 1 კვირის განმავლობაში, ტყუილად ნუ ტეხენ აჟიოტაჟს. საზოგადოებას არ აქვს არავითარი მღელვარების საფუძველი. საფრთხე დიდი იყო, იმიტომაც გამოვაცხადეთ მორატორიუმი. ჩვენ სულ გვაქვს 1 მილიონი ჰექტარი, რომლის დამუშავება შეიძლება და რომელზეც მრავალწლიანი კულტურები შეიძლება გაშენდეს. ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. ვერ დავუშვებთ იმას, რომ ამ ტერიტორიაზე სხვებმა აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ჩვენ ჩვენი ხალხი, გლეხობა და ფერმერები გვყავს გასაძლიერებელი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. „ქართული მარში” იუსტიციის სახლთან აქციას მართავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუწოდებენ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ქართული მიწების გაყიდვა არ დაუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი “ეროვნული დაუმორჩილებლობით” იმუქრებიან.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 7დეკემბერს გამოცხადდა. მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას, მორატორიუმის გამო, ვერ ახერხებდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები