ირაკლი კოვზანაძე: დაფინანსებასთან დაკავშირებით, ვაპირებ კონსულტაციები გავიარო პრეზიდენტთან

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ახალარჩეულ პრეზიდენტთან და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.
“ბიუჯეტი არის პარლამენტში. ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე ეს დაფინანსება შესაბამისობაშია პრეზიდენტის ფუნქციებთან და ვალდებულებებთან. თუმცა მიუხედავად ამისა, ვიდრე ბიუჯეტზე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, პარლამენტში, როგორც კომიტეტზე, ისე სესიაზე, ვაპირებ დამატებითი კონსულტაციები გავიარო ახალარჩეულ პრეზიდენტთან და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ ჟვანიასთან. ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსებასთან დაკავშირებით. წინ გველოდება განხილვა როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, ასევე სესიაზე, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება,” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია ექვსი მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 2018 წლის მსგავსად, 2019 წლისთვისაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები