ირაკლი სესიაშვილი: უკრაინის მოქალაქეები უსაფუძვლოდ არ დაუკავებიათ

“უკრაინის მოქალაქეები გამოძიებას უსაფუძვლოდ არ დაუკავებია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის რევოლუციურ ზრახვებს არ მალავდა და მისგან აგრესიული და ანტისახელმწიფოებრივი არაერთი განცხადება ახსოვს.
„ლოგიკას მოკლებული არ არის, რომ გარკვეული მცდელობები ამ მიმართულებით სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს ჰქონოდათ. შეიძლება, ეჭვები გაგვიჩნდეს და ვერსიებზე ვისაუბროთ, მთავარია, გამოძიება რას იტყვის. ისინი გამოძიებას უსაფუძვლოდ არ დაუკავებია. თუ პოლიტიკური საფუძვლები გამოიკვეთება, არ გაგვიკვირდება იმ რევოლუციური განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები აკეთებდნენ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, შს სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები